დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 09.03.2006
საქმის ნომერი
ას-979-1241-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-979-1241-05 9 მარტი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია

სარჩელის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ჩ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ მ. ც-ძის, ა. ც-ძისა და მესამე პირის _ დ. ც-ძის მიმართ და მოითხოვა ალ.ც-ძესა და დ.ც-ძეს შორის 2001წ. 26 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ. ც-ძის ვალი მის მიმართ აღიარებული იქნა მეუღლეთა საერთო ვალად. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის განჩინებით ყადაღა დაედო ა. ც-ძის საცხოვრებელ ბინას მდებარე ქ. ქუთაისში, ... გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მიუხედავად, ვერ ხერხდება გადაწყვეტილების აღსრულება, ვინაიდან მოპასუხემ იმ განზრახვით, რომ შეუძლებელი გამხდარიყო გადაწყვეტილების აღსრულება, 2001წ. 26 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებით ბინა გადასცა შვილს _ დ.ც-ძეს.

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა კანონის ნორმების დაცვით და რაიმე არ გაყალბებულა.

საქმე არაერთგზის განიხილეს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციებმა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 28 ივნისის გადწყვეტილებით ნ. ჩ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ა. ც-ძესა და დ. ც-ძეს შორის 2001წ. 26 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ც-ძეს ნ. ჩ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 5500 აშშ დოლარის გადახდა. 2001წ. 22 აპრილს ნ.ჩ-ძემ სასამართლოში შეიტანა სარჩელი მ.ც-ძისათვის დაკისრებული 5500 აშშ დოლარის მეუღლეთა საერთო ვალად ცნობის შესახებ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით ზემოთხსენებული ვალი აღიარებული იქნა მეუღლეთა საერთო ვალად. სარჩელის სასამართლოში შეტანის შემდგომ ოთხ დღეში ანუ 2001წ. 26 აპრილს მოპასუხე ალ.ც-ძის სახელზე რიცხული ქ.ქუთაისში ... მდებარე საცხოვრებელი ბინა ჩუქების ხელშეკრულებით გადავიდა მისი შვილის _ დ.ც-ძის საკუთრებაში. დადგენილია ასევე, რომ სახლის გაჩუქების შემდეგ ცეცრცვაძეებმა ჩვეულებრივ გააგრძელეს აღნიშნულ სახლში ცხოვრება და ოთხიწ. მანძილზე ალ.ც-ძე თავისი სახელით იხდის კომუნალურ გადასახადებს. დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება დადებულია ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით და მიმართულია იმისაკენ, რომ შეუძლებელი გახდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სამოქალქო კოდექსი 56-ე მუხლის I ნაწილი და დაასკვნა, რომ გარიგება დაიდო მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰვეს.

სააპელაციო პალატის 2005წ. 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ა. ც-ძეებმა. კასატორები მოითხოვენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, განჩინება კანონის დარღვევით არის მიღებული, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 56-ე მუხლის I ნაწილი, სამოქალქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2001წ. 22 აპრილს ნ.ჩ-ძემ სასამართლოში შეიტანა სარჩელი მ.ც-ძეზე დაკისრებული 5500 აშშ დოლარის მეუღლეთა საერთო ვალად ცნობის შესახებ. 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით მ.ცეცრცვაძის ვალი ნ.ჩ-ძის მიმართ აღიარებულ იქნა მეუღლეთა საერთო ვალად. 2001წ. 26 აპრილს მოპასუხე ა.ც-ძის სახელზე რიცხული ქ.ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა ჩუქების ხელშეკრულებით გადავიდა მისი შვილის დ. ც-ძის საკუთრებაში. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია.

დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 56-ე მუხლის I ნაწილი. აღნიშნული მუხლის საფუძველზე ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ჩუქების ხელშეკრულების მხარეებს არ სურდათ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგების დანიშნულებიდან გამომდინარეობს. მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და დადებულია კრედიტორის, ნ.ჩ-ძის მოთხოვნის დაკმაყოფილებისაგან თავის არიდების მიზნით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უსაფუძვლოა კასატორთა მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების, კერძოდ, სსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების არასწორად გამოყენების თაობაზე. სსკ-ის 102-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში მხარემ ვერ დაამტკიცა, თუ რა იურიდიული შედეგი მოჰყვა რეალურად ჩუქების ხელშეკრულებას. სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. სააპელაციო პალატის 2005წ. 30 მაისის განჩინებაში სასამართლოს სწორად აქვს შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები და მოცემული საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. და ა. ც-ძეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 მაისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.