გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.03.2006
საქმის ნომერი
ას-980-1243-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-980-1243-05 9 მარტი, 2006 წ.

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ამბროლაურის რაიკოოპერატივისა და ლ. ს-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ამბროლაურში, ... მდებარე წიგნების მაღაზიის შესყიდვის უპირატესი უფლების მქონე პირად აღიარება და ამბროლაურის რაიკოოპერატივსა და ლ. ს-ძეს შორის დადებული მაღაზიის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მითითებით, 1989 წელს მან დააფუძნა ფირმა «თ-ი», რომელსაც საოფისედ გადაეცა წიგნების მაღაზიის მეორე სართულზე მდებარე ხუთი ოთახი, თუმცა საიჯარო ქირის გადახდა ვერ შეძლო, რადგან შენობა რაიკოოპერატივის სახელზე დადგენილი წესით რეგისტრირებული არ აღმოჩნდა. მესაკუთრის დადგენამდე რაიკოოპერატივის გამგეობამ 1999წ. 22 დეკემბერს მიიღო დადგენილება წიგნების მაღაზიის პრივატიზაციის შესახებ, ხოლო რაიკოოპერატივის რწმუნებულთა კრებამ 1999წ. 24 ოქტომბრის დადგენილებით შენობა 1500 ლარად მიჰყიდა ლ.ს-ძეს. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული გარიგება ბათილია, ვინაიდან წიგნების მაღაზიის გაყიდვის დროს 1999წ. 24 დეკემბერს, რაიკოოპერატივი არ იყო მისი მესაკუთრე, არ გააჩნდა მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი არც საჯარო რეესტრში იყო მესაკუთრედ დარეგისტრირებული. ა.გ-ძის განმარტებით, აღნიშნულ შენობას იგი 10 წელზე მეტ ხანს ფლობდა, ამდენად, სსკ-ის 180-ე და სკ-ის 162-ე მუხლის საფუძველზე, აღიარებული უნდა იქნეს ამ შენობის შესყიდვის უპირატესი უფლების მქონე პირად.

ლ. ს-ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 38წ. განმავლობაში მუშაობდა რაიკოოპერატივში, არის მისი მეპაიე, ამდენად, გააჩნდა სადავო ფართის უპირატესი შესყიდვის უფლება, რომელიც მან გამოიყენა. ამბროლაურის რაიკოოპერატივმაც სარჩელი არ ცნო.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავო შენობაზე ა.გ-ძეს მიეცა შესყიდვის უპირატესი უფლება სკ-ის 155-ე, 159-ე და 169-ე მუხლების გამოყენებით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 14 მარტის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ა. გ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 ნოემბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2001წ. 27 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო უპირატესი შესყიდვის უფლების დადგენაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის განჩინებით ლ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ამბროლაურის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურომ 2001წ. 23 ივლისს რეგისტრაციაში გაატარა ამბროლაურის რაიკავშირის წიგნების მაღაზია, როგორც რაიკავშირის საკუთრება. საკუთრების უფლების შეძენის საფუძვლად მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება. იმავე დღესვე გასცა ცნობა-დახასიათება ლ.ს-ძესთან ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროში აღნიშნული რეგისტრაცია იყო კანონსაწინააღმდეგო, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ რეგისტრაციას არ იყო კანონიერ ძალაში და შემდგომში გაუქმდა უზენაესი სასამართლოს განჩინებით და დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. ამასთან, ამ გადაწყვეტილებით სადავო შენობის მიკუთვნების საკითხი არ გადაწყვეტილა. სადავო შენობა ამბროლაურის რაიკოოპერატივის საკუთრებად ცნობილ იქნა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილებით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, 2002წ. 8 თებერვლიდან, შეიძლებოდა სადავო შენობის ტექინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხვა, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, ვინაიდან სადავო შენობა 2001წ. 27 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით ჯერ აღირიცხა ლ. ს-ძის საკუთრებად, შემდეგ კი მისი ნახევარი გადაფორმდა ახალი მყიდველის საკუთრებად, რაც, სასამართლოს აზრით, ტექინვენტარიზაციის ბიუროს 2001წ. 23 ივლისის სარეგისტრაციო ჩანაწერის ანულირების დასტურია.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ის 185-ე მუხლის გამოყენების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ტექინვენტარიზაციის ბიუროს 2001წ. 23 ივლისის ჩანაწერი იყო უკანონო, ასევე, ლ.ს-ძემ იცოდა, რომ გამსხვისებელი, ამბროლაურის რაიკავშირი, არ იყო მესაკუთრე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არამესაკუთრის მიერ სადავო შენობის გასხვისება, წარმოადგენს 2001წ. 27 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ს-ძე არ არის კოოპერატივის წევრად სასამართლოში რეგისტრირებული. ასევე, არ შეიძლება ლ.ს-ძე ჩაითვალოს რაიკოოპერატივის მუშაკად, რადგან იგი 1999 წლიდან არ მუშაობს რაიკოოპერატივის სისტემაში. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქონება უნდა გაყიდულიყო აუქციონის ან კონკურსის წესით, სადაც მონაწილეობის მიღების უფლება ექნებოდა ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის, მოსარჩელე ა.გ-ძეს. აღნიშნული საფუძვლებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში დასაბუთებულია.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ძემ, კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არ გამოიყენა სკ-ის 185-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს და ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 185-ე მუხლი, რომლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

აღნიშნული ნორმა იცავს შემძენის ინტერესებს. უძრავი ნივთის გამსხვისებლის მესაკუთრედ მიჩნევისათვის საკმარის საფუძველს წარმოადგენს შემძენისათვის, რომ გამსხვისებელი მესაკუთრედ რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში. თუმცა ამ წესიდან გამონაკლისი დადგენილია ამავე ნორმით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შემძენმა იცის, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული გამსხვისებელი, არ არის მესაკუთრე. ამდენად, აღნიშნული ნორმით დაწესებული შემძენის კეთილსინდისიერების დადგენისათვის, საკმარისი არ არის მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არსებითი საკითხია მესაკუთრის ვინაობისადმი შემძენის სუბიექტური დამოკიდებულება (იცოდა თუ არ იცოდა). შესაბამისად, შემძენის ინტერესების დაცვის მარეგულირებელი ნორმის გამოყენებისას უნდა შემოწმდეს როგორც საჯარო რეესტრის მონაცემები, ასევე, უტყუარად უნდა დადგინდეს, რომ შემძენმა არ იცოდა ქონების სხვა მესაკუთრის თაობაზე.

დადგენილია, რომ სადავო ობიექტი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს ირიცხებოდა რაიკოოპერატივის საკუთრებად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შემძენმა იცოდა, რომ ამბროლაურის რაიკავშირი არ იყო მესაკუთრე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილება რაიკოოპერატივის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე ჯერ კიდევ არ იყო კანონიერ ძალაში შესული. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არასწორია, რადგან სადავო ქონებას, რომ სხვა მესაკუთრე ჰყავდა და ლ.ს-ძისათვის ამის შესახებ ცნობილი იყო, სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია. სადავო ქონების სხვა მესაკუთრის არსებობა არც საქმის მასალებით დასტურდება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა.გ-ძემ სარჩელი აღძრა რაიკოოპერატივის მიმართ და მოითხოვა სადავო მაღაზიის პრივატიზაციის გაუქმება და ამავე შენობაზე მისი მესაკუთრედ ცნობა. ა.გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2000წ. 5 დეკემბრის და 2002წ. 8 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სადავო „წიგნების მაღაზიის“ შენობა აშენებულია რაიკოოპერატივის მიერ და აშენების დღიდან იმყოფება მის ბალანსზე. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო შენობა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში რაიკოოპერატივის საკუთრებად აღირიცხა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, არ ნიშნავს, რომ სადავო ქონებას სხვა მესაკუთრე ჰყავდა, უფრო მეტიც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სადავო შენობის მესაკუთრე იყო რაიკოოპერატივი. ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერი სადავო არ გამხდარა და მისი უზუსტობა არ დამტკიცებულა. აქედან გამომდინარე, ლ.ს-ძე უნდა ჩაითვალოს კეთილსინდისიერ შემძენად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო მაღაზიის ლ.ს-ძის სახელზე აღრიცხვის შემდეგ, ლ.ს-ძემ შენობის ნახევარი გაყიდა და შენობის ნახევარზე მესაკუთრედ ახალი მყიდველი აღირიცხა. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული. ამასთან, სასამართლომ რაიკოოპერატივსა და ლ.ს-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ისე ცნო ბათილად, რომ არ გაითვალისწინა ახალი მყიდველის უფლებები.

ცეკავშირის გამოების 1996წ. 28 ივნისის ¹40 დადგენილებით დამტკიცებული ცეკავშირის სისტემაში ზედმეტი და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების და სხვა ქონების გაყიდვის დროებითი დებულების მესამე თავის 3.2 მუხლის თანახმად, არასაჭირო კოოპერაციული ქონების შესყიდვის უპირატესი უფლება აქვს მეპაიეს, სისტემის მუშაკს და შრომით კოლექტივს, სისტემის ინდივიდუალურ და კოლექტიურ მოიჯარეებს.

სააპელაციო სასამართლომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე მიიჩნია, რომ ლ.ს-ძე არ იყო მეპაიე და შესაბამისად, არ ჰქონდა უპირატესი შესყიდვის უფლება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა აღნიშნულ ცნობას. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მეპაიეთა სიები სასამართლოში წარმოდგენილი არ არის, აქედან გამომდინარე, ამბროლაურის რაიონული სასამართლო არ არის კომპეტენტური განაცხადოს ითვლება თუ არა ლ.ს-ძე ამბროლაურის რაიკოოპერატივის მეპაიედ. ამბროლაურის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით კი ლ.ს-ძე არის რაიკოოპერატივის მეპაიე.

მითითებული ცნობებისა და საქმეში არსებული მასალების მიხედვით ლ.ს-ძე რაიკოოპერატივის მეპაიეა. ასევე დადგენილია, რომ ლ.ს-ძე რაიკოოპერატივში მუშაობდა 1961 წლიდან 1999წ. აპრილამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დებულების მესამე თავის 3.2 მუხლის შესაბამისად, ლ.ს-ძეს კოოპერაციული ქონების შესყიდვის უპირატესი უფლება ჰქონდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ლ. ს-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 31 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ა. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

ა. გ-ძეს ლ. ს-ძის სასარგებლოდ დაეკისროს კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 60 ლარის გადახდა;

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.