დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.11.2013
საქმის ნომერი
232აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№232აგ-13 12 ნოემბერი, 2013 წელი

შ-ე რ, 232აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ივნისის განაჩენით რ. შ-ე (მსჯავრდებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 17 დეკემბრის განაჩენით სსკ–ის 137–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით) ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 239–ე მუხლის მე–3 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 3500 ლარი, 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. რ. შ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 თებერვლიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. შ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: რ. შ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ–ის 239–ე მუხლის მე–3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ¼–ით შეუმცირდა 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილითა და 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ რ. შ-ს მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.

2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა რ. შ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე იმ მოტივით, რომ 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და ითხოვა მის მიმართ განაჩენის კანონის შესაბამისობაში მოყვანას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის განაჩენითა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

რ. შ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 239–ე მუხლის მე–3 ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის აქტით განახევრებულ სასჯელს - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელიდან ნაწილობრივ დაემატა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელიდან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. შ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 თებერვლიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის განაჩენი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული რ. შ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში, რ. შ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. შ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი