შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-98-413-05 14 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება და სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. ს-ესა და ნ. ზ-ეს შორის 1999წ. 5 ივლისს სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნ. ზ-ემ ს. ს-ისაგან ექვსი თვის ვადით, თვეში 15 პროცენტით ისესხა 500 აშშ დოლარი, რაც ხელშეკრულების დადების დროისათვის შეადგენდა 1000 ლარს. ს. ს-ემ 2000წ. 21 აგვისტოს სარჩელით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. ზ-ის მიმართ და მოითხოვა მისთვის სესხის ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის, სულ _ 1355 აშშ დოლარის დაკისრება.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 24 ოქტომბერს, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ნ. ზ-ის წარმომადგენელმა, მისმა მეუღლემ თ. ა-ემ. მან მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვა და საქმის განახლება.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეები მორიგდნენ შემდეგი პირობებით: თ. ა-ემ იკისრა ვალდებულება, რომ 2001წ. 20 მაისამდე პირადად გადაუხდიდა ს. ს-ეს 500 აშშ დოლარს, ხოლო 2002წ. იანვრამდე კიდევ 500 აშშ დოლარს სესხის საკომპენსაციოდ. ამ პირობებზე თანხმობა განაცხადა, თავის მხრივ, ს. ს-ემაც. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 იანვრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება და შეწყდა საქმის წარმოება.
იმის გამო, რომ ნ. ზ-ის წარმომადგენელმა თ. ა-ემ თავის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და დათქმულ ვადაში პირადად არ გადაუხადა ს. ს-ეს ნაკისრი 1000 აშშ დოლარი, ს. ს-ემ 2004წ. თებერვალში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე თ. ა-ის მიმართ სესხის დაბრუნების მოთხოვნით.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით ს. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ს-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ს. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს. ს-ის სარჩელი და თ. ა-ეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ემ და მოითხოვა გაუქმება და მისთვის 380 აშშ დოლარის დაკისრება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 7 თებერვლის განჩინებით თ. ა-ის საკასაციო საჩივარი ხარვეზიანად იქნა მიჩნეული და კასატორს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 25 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. ვინაიდან, ზემოაღნიშნული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორს არ ჩაბარდა პირადად, საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დანიშნა ზეპირი მოსმენა.
2005წ. 14 აპრილს საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა თ. ა-ემ წარმოადგინა განცხადება, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის და თ. ა-ის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სასამართლო ხარჯების შესახებ.
სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ვინაიდან თ. ა-ემ უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. ა-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 272-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ა-ის განცხადება _ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ _ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.