დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 13.07.2005
საქმის ნომერი
ას-99-415-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-99-415-05 13 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 27 აპრილს ე. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა. ტ-ის მიმართ ნასყიდობის ხელსკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2001წ. 19 სექტემბერს დედამისმა ზ. ტ-ემ გერს _ მოპასუხე ა. ტ-ეს 2000წ. 19 სექტემბრის ხელშეკრულებით მიჰყიდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების დადებისას, ზ. ტ-ეს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი მოქმედება, რადგან იგი აღრიცხვაზე იმყოფებოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

2001წ. 23 ივნისს სასამართლოს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა მესამე პირმა _ ა. ტ-ის ძმამ ი. ტ-ემ და მოითხოვა აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ გარიგება დაიდო მამისის სამკვიდრო ქონებაზე, რომელიც ი. ტ-ეს მიღებული ჰქონდა და ფლობდა. მესამე პირმა ასევე მოითხოვა ა. ტ-ის საცხოვრებელ ეზოში შვილის საფლავთან მისასვლელი გზისა და 30კვ.მ მიწის ნაკვეთის თავის საკუთრებაში აღრიცხვა.

მოპასუხემ ე. ბ-ის სარჩელი არ ცნო, ხოლო მესამე პირის, ი. ტ-ის, სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, 30 კვ.მ მიწის ნაკვეთის (შვილის საფლავის) მესაკუთრედ ცნობის ნაწილში.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ი. ტ-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ გარიგების ბათილობაზე უარი ეთქვა, ხოლო მოთხოვნა, შვილის საფლავის ადგილის – 30 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობაზე, დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. ბ-ემ, ი. ტ-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ე. ბ-ე გარიგების ბათილობას მოითხოვდა სკ-ის 58-ე მუხლის მეორე და ნაწილების მესამე საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბათილად შეიძლება ჩაითვალოს ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს. ასევე ბათილია ნების გამოვლენა სულით ავადმყოფის მიერ, მაშინ, როცა ეს არ შეესაბამება რეალურ ვითარებას, სწორად აღქმას, თუნდაც ის არ იყოს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელე მხარე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელში მითითებული საფუძვლების არსებობა, ხოლო საქმეში არ მოიპოვება სკ-ის 58-ე მუხლის არც ერთი ნაწილის დისპოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნა გამორიცხავს სარჩელის ამ საფუძვლით დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

რაც შეეხება ი. ტ-ის სააპელაციო საჩივარს და, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნას მამის დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო გარიგების გაფორმებისას გარიგების საგანი _ როგორც სახლი, ისე _ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ზ. ტ-ის სახელზე. ი. ტ-ეს მამის სამკვიდროზე მემკვიდრეობის უფლების მოწმობა არ მიუღია, შესაბამისად, იგი, როგორც მესაკუთრე, საჯარო რეესტრში არ აღრიცხულა. ზ. ტ-ეს, როგორც ერთადერთ რეგისტრირებულ მესაკუთრეს, უფლება ჰქონდა, განეკარგა თავისი საკუთრების უფლების საგანი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სკ-ის 1450-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო, რომ არსებობს ამისათვის სათანადო საფუძველი. 1993 წლიდან, ანუ მამის გარდაცვალებიდან, ზ. ტ-ე იყო გარიგების საგნის მესაკუთრე და ეს გარემოება ი. ტ-ეს სადავოდ არ გაუხდია რვა წლის განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ტ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ იგი დაეუფლა მის სამკვიდრო ქონებას, ცხოვრობდა მის საცხოვრებელ სახლში, ამუშავებდა მიწას, იხდიდა გადასახადებს. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ მას მემკვიდრეობა მიღებული აქვს, ხოლო სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკუთრების რეგისტრაციის ვადებს, შესაბამისად, თუკი არსებობს სამართლებრივი საფუძველი, ნებისმიერ დროს შეიძლება მესაკუთრედ რეგისტრაცია.

ი. ტ-ის აზრით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 1450-ე მუხლი, რადგან მას ფაქტობრივად მიღებული ჰქონდა მემკვიდრეობა და სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ფლობდა სამკვიდროდან მის წილ ქონებას. ამდენად, ამ ქონების გასხვისების უფლება ზ. ტ-ეს არ ჰქონდა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

განსახილველ შემთხვევაში ი. ტ-ის (კასატორის) აღიარებითი სარჩელის დავის საგანი არის 2000წ. 19 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. აღნიშნული ხელშეკრულებით ზ. ტ-ემ მიწის ნაკვეთი მიყიდა ა. ტ-ეს. ბათილობის საფუძვლად მითითებულია ის, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მემკვიდრეობის საფუძველზე არის ი. ტ-ე, რადგან იგი მამის დანაშთ ქონებას ფლობს 1993 წლიდან (სამკვიდროს გახსნიდან).

დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მესაკუთრეს ხელშეკრულების დადებისას წარმოადგენდა ზ. ტ-ე.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სწორად არის გამოყენებული 1450-ე მუხლი. უდავოა, რომ სამკვიდროს გახსნიდან ათეულ წელზე მეტია გასული და მამკვიდრებელ გ. ტ-ის დანაშთი ქონების მიღებაზე მემკვიდრეებს შორის დავა არ ყოფილა. დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მხოლოდ ზ. ტ-ის სახელზე იყო საჯარო რეესტრში აღრიცხული და იგი 2000წ. 19 სექტემბერს გაასხვისა. პალატა მიუთითებს, რომ სკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილით, უძრავი ქონების შესაძენად აუცილებელია შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. უდავოა, რომ ი. ტ-ე სადავო უძრავი ქონების რეგისტრირებული მესაკუთრე არ არის, შესაბამისად, შეცილებაც უსაფუძვლოა.

პალატა მიუთითებს, რომ მხარემ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, ვერ დაადასტურა სამკვიდროს ფაქტობრივად მიღება. ამასთან, თუ მემკვიდრე 1421-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 1433-ე მუხლებით მესაკუთრე გახდა სამკვიდროში შემავალი უძრავი ქონების, მაგრამ იგი ასეთად არ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში მემკვიდრეს არ შეუძლია უძრავი ქონება გაასხვისოს მესამე პირებზე, მანამ, ვიდრე არ დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში, როგორც მესაკუთრე. აღნიშნულ მოსაზრებას საფუძვლად უდევს სკ-ის 183-ე მუხლი, რომელიც იმპერატიულად ადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის წესს.

ამდენად, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.