დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№289აგ-13 4 ნოემბერი, 2013 წელი
ქ-ა ა.- 289აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ქ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ა. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის განაჩენით ა. ქ-ა (ნასამართლევი) ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ა. ქ-ს სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ა. ქ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ქ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 2 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი – 2007 წლის 10 ოქომბრიდან იმავე წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ა. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 8 წელი, 3 თვე, 27 დღე და ა. ქ-ას, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 14 წლით, 6 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ქ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 3 ოქტომბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით ა. ქ-ას „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით, 9 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ქ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 3 ოქტომბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით ა. ქ-ას „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განესაზრვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ა. ქ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლით, 3 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ქ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 28 ნოემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, ა. ქ-ა გათავისუფლდა სსკ-ს 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;
მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 7 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და 2008 წლის 3 ოქტომბრამდე მოხდილი სასჯელის – 8 თვისა და 3 დღის გამოკლებით მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 11 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 6 წელი, 3 თვე და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, შეკრების წესის გამოყენებით, ა. ქ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 9 წლით, 7 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ქ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 3 ოქტომბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. ქ-ამ, რომელმაც ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენით ა. ქ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება:
ა. ქ-ას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განესაზღვრა 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით – 4 წლით, 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ა. ქ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ქ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 2 თებერვლიდან.
მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი – 2007 წლის 10 ოქომბრიდან იმავე წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენის თაობაზე ა. ქ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილებით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ზემოაღნიშნული მუხლების გამოყენების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ა. ქ-ას პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება ან სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენი ა. ქ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი