დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 29.11.2013
საქმის ნომერი
373აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
29.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №373აგ-13 29 ნოემბერი, 2013 წელი

ო-ა ვ., 373აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ო-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის განაჩენით ვ. ო-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 10 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 12 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ვ. ო-ას გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 12 ნოემბრიდან.

2013 წლის 21 მაისს მსჯავრდებულმა ვ. ო-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ვ. ო-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 8 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული და ასევე ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის განაჩენი და 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ვ. ო-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის საბოლოო ზომის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, ვ. ო-ას მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ო-ას პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ო-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენი ვ. ო-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე