დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.11.2013
საქმის ნომერი
395აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№395აგ-13 11 ნოემბერი, 2013 წელი

დ-ი შ 395აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით შ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას სასჯელად დაენიშნა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. შ. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 ნოემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით შ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, შ. დ-ს ¼–ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ¼–ით შეუმცირდა 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ შ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 ნოემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა შ. დ-ა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ითხოვა მისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ შ. დ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ივლისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება შ. დ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული შ. დ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ. დ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ შ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე