დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.11.2013
საქმის ნომერი
397აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№397აგ-13 5 ნოემბერი, 2013 წელი

რ-ი ა.- 397აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 აპრილის განაჩენით ა. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს ადრე მოქმედი სსკ-ის 92-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულისათვის და ამავე კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 აგვისტოს განაჩენით ა. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით (2004 წლის იანვრის ეპიზოდი), ხოლო საბოლოოდ - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 11 თებერვლიდან.

აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, რაც უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით შეიცვალა: ა. რ-ს შეუმცირდა სსკ-ის 143-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად, რის შედეგადაც მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ა. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2004 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა სასამართლო გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 წელი, 2 თვე, 25 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 13 წლით, 2 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 16 ნოემბრიდან.

ამავე სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. რ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით სსკ-ის 143-ე, 178-ე და 181-ე მუხლებით დანიშნული 4-4 წელი და განესაზღვრა 3-3 წლით, სულ - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილი განისაზღვრა 6 წლით, 2 თვითა და 25 დღით; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბოლო განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული 4 წელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენთა ერთობლიობით მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით, 2 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 16 ნოემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა და ეს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული საკასაციო საჩივრით ითხოვს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის შემცირებას იმ მოტივით, რომ მასზე უფრო მძიმე დანაშაულებისათვის მსჯავრდებულ პირებს შეუმსუბუქდათ სასჯელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულმა ა. რ-მა 2007 წლის 21 აგვისტოსა და 2009 წლის 16 ნოემბრის განაჩენებით დადგენილი დანაშაულები ჩაიდინა 2004 წლის იანვარსა და ოქტომბერში - 2000 წლის 6 აპრილის განაჩენით დადგენილი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლებამდე.

ამდენად, ნასამართლობის მიუხედავად, ა. რ-მა ჩაიდინა არაერთი მძიმე დანაშაული, რისთვისაც ამნისტიის საფუძველზე საბოლოოდ განსაზღვრული აქვს 9 წლით, 2 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რის შედეგადაც სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივებს ა. რ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობის თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენი ა. რ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი