დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№450აგ-13 27 ნოემბერი, 2013 წელი
ქ-ი ნ, 450აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენით ნ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მჯავრი. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთას - განაჩენთა ერთობლიობით მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 11 თვე და 21 დღე და ნ. ქ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით, 11 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ქ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი და ¼–ით შეუმცირდა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილებითა და სსკ–ის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით შეფარდებული სასჯელები და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 9 წლით, 8 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2013 წლის 20 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ნ. ქ-ა, რომელმაც 2013 წლის 17 აპრილის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 მარტის განაჩენსა და გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 3 თვე, ასევე ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ნ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 მარტიდან. გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 მარტის განაჩენი და გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ნ. ქ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, ნ. ქ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ქ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი