დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 03.07.2024
საქმის ნომერი
ბს-341(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-341(კ-23) 3 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. კ. ხ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, 2011 წელს პირდაპირ პრივატიზებაზე არაკანონიერი და კანონსაწინააღმდეგო უარის თქმისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურება 4 წლის განმავლობაში 2011-2012-2013-2014წწ, რაც შეადგენს 298496 ლარს (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა; ტომი 2, ს.ფ. 276-277; 2021 წლის 05 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, ტომი 2. ს.ფ. 285-296); ბ) 2014 წლის 19 ივნისის №1/6-496 გადაწყვეტილებით 2013 წლის 31 დეკემბრის №... ვადაგადაცილებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზებაზე უკანონო უარის თქმისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოსავლიანობის ღირებულებითი გამოხატულების შემადგენელი 2015-2016-2017-2018წწ. 298496 ლარის ოდენობით (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა; ტომი 2, ს.ფ. 276-277; 2021 წლის 05 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, ტომი 2. ს.ფ. 285-296); გ) დაევალოთ მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, პირგასამტეხლოს გადახდა ათმაგი ოდენობით ყოველ ათდღიან ვადაგადაცილებაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ყველა პუნქტის შესრულებით, რაც შეადგენს 1 მილიარდ ლარს (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა; ტომი 2, ს.ფ. 276-277; 2021წლის 05 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, ტომი 2. ს.ფ. 285-296).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. ხ-ის სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ ზიანის ანაზღაურების, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ხ-იმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა კ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: კ. ხ-იმა 2011 წლის 26 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს და მოითხოვა იჯარით გაცემული 3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება. ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 17 ოქტომბრის №3207-7/04 წერილით, კ. ხ-ის უარი ეთქვა იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 16 მაისის №1-1/1159 ბრძანებით, უარი ეთქვა კ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის №3/2843-12 გადაწყვეტილებით კ. ხ-იის სარჩელი ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 17 ოქტომბრის №3207-7/04 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 16 მაისის №1-1/1159 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის №3ბ/268-13 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 17 ოქტომბრის №3207-7/04 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 16 მაისის №1-1/1159 ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის №ბს-293-285(2კ-13) განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/268-13) აღსრულების მიზნით, სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის მიერ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება. 2013 წლის 13 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №10/38859 წერილით მიმართა წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას და სთხოვა ეცნობებინა რომელი აქტი გახდა საფუძველი კ. ხ-ისთვის საიჯარო მიწის ნაკვეთის გაცემისა, კერძოდ, წალკის რაიონის გამგეობის 25/05/2001წლის №48 დადგენილება თუ წალკის რაიონის გამგეობის 27/04/2001 წლის №36 გადაწყვეტილება. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 27 დეკემბრის №551/04 წერილით, ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრს ეცნობა, რომ აღმოსავლეთის რეგიონული არქივის მონაცემების მიხედვით, წალკის რაიონის გამგეობის 27/04/2001წლის №36 გადაწყვეტილებით, მოქალაქე კ. ხ-ის გამოეყო 3 ჰა (სახნავი) მიწის ნაკვეთი. ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №14 თათბირის ოქმის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის №3ბ/268-13 გადაწყვეტილებისა და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 27 დეკემბრის №551/04 წერილის საფუძველზე, სრულყოფილად იქნა მიჩნეული კ. ხ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და მის მიმართ გაიცა შეტყობინება საპრივატიზებო ღირებულების სრულად ან 50%-ის გადახდის თაობაზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 31 დეკემბრის №10/40561 და 2013 წლის 31 დეკემბრის №10/40562 წერილებით კ. ხ-ის ეცნობა ს/კ №... (0,2068 ჰა. სახნავი) და ს/კ №... (0,9111ჰა. სახნავი) საიჯარო მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო ფასის - 144,76 ლარის და 1337,77ლარის სრულად ან სულ მცირე 50%-ის 15 დღის ვადაში გადახდის ვალდებულებისა და თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის წარდგენის თაობაზე. აღნიშნული შეტყობინებები საქართველოს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა კ. ხ-ის, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩაბარება ვერ მოხერხდა. ამის შემდგომ, 2014 წლის 28 იანვარს, ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის თანამშრომელი გამოცხადდა კ. ხ-ის საცხოვრებელ მისამართზე ორჯერ (15:00 და 21:00 საათზე) შეტყობინებების ხელზე გადაცემის მიზნით, თუმცა ჩაბარება კვლავ ვერ შეძლო. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 04 თებერვალს №10/3770 წერილით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის №3ბ/268-13 გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის დასრულების მიზნით, სთხოვა დახმარება 2013 წლის 31 დეკემბრის №10/40561 და №10/40562 შეტყობინებების ჩაბარებასთან დაკავშირებით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 20 თებერვლის №17269 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ 2014 წლის 20 თებერვალს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამოცხადდა კ. ხ-ი, რომელსაც აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გააცნეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 31 დეკემბრის №10/40561 და №10/40562 შეტყობინებების შინაარსი და სთხოვეს მათი ჩაბარება, თუმცა აღნიშნულზე მან უარი განაცხადა, რის თაობაზეც შედგა შესაბამისი შინაარსის ოქმი. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 19 ივნისის №1/6-496 ბრძანებით, კ. ხ-ის უარი ეთქვა 26/11/2011 წლის განცხადების დაკმაყოფილებაზე, წალკა სოფ. ...ში მდებარე 19111.00 კვ. მეტრი (სახნავი ს/კ №...) და 2068.00 კვ.მეტრი (სახნავი ს/კ №...) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების თაობაზე დადგენილ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობისა და თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების წარუდგენლობის გამო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: 1. სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; 2. პირისთვის ზიანის მიყენება; 3. მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის; 4. სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. მითითებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. თუმცა, თუკი მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მანვე უნდა წარმოადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნის ობიექტურ, რეალურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით და არა ვარაუდს, ალბათობას შემოსავლის მიღების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 2013 წლის 30 დეკემბრის თათბირის ოქმზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის №3ბ/268-13 გადაწყვეტილებასა და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 27 დეკემბრის №551/04 წერილზე, რომლითაც მოსარჩელეს საპრივატიზებო ღირებულების სრულად ან 50%-ის გადახდის თაობაზე ეცნობა. სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარეთა შორის უდავოა, რომ აღნიშნული საპრივატიზებო საფასური კ. ხ-ის არ გადაუხდია, რის გამოც, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 19 ივნისის №1/6-496 ბრძანებით, კ. ხ-ის კანონიერად ეთქვა უარი 26/11/2011 წლის განცხადების დაკმაყოფილებაზე, წალკა სოფ. ...ში მდებარე 19111.00 კვ.მ (სახნავი ს/კ №...) და 2068.00 კვ.მ (სახნავი ს/კ №...) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების თაობაზე დადგენილ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობისა და თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების წარუდგენლობის გამო.

სააპელაციო პალატის შეფასებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად არსებითია მათი არამართლზომიერი ქმედების შედეგად კ. ხ-ისათვის ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან მოსარჩელის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცება აპელანტის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი. კ. ხ-ის მიერ მხოლოდ წარმოდგენილ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ ადასტურებს მოპასუხეთა მხრიდან მის მიმართ ფაქტობრივი ზიანის მიყენების ან შემოსავლის მიუღებლობის ფაქტს. ამასთან, მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის №3ბ/268-13 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა არ წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთ ფაქტობრივ საფუძველს, რადგან იმავდროულად მოპასუხეთა პასუხისმგებლობის გამომრიცხველად უნდა შეფასდეს თავად კ. ხ-ის მხრიდან შემდგომ განხორციელებული უმოქმედობა. ვინაიდან კ. ხ-ის სარჩელის ფარგლებში არ გამოიკვეთა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობა, შესაბამისად არ არსებობს მოპასუხეებისთვის პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის სასარგებლოდ ერთი

მილიარდი ლარის სოლიდარულად დაკისრების ვალდებულება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ხ-იმა.

კასატორის განმარტებით, სააპეალაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ არასწორად შეაფასა სარჩელში მითითებული გარემოებები და ფაქტები. ადმინისტრაციული ორგანოების ბრალეული უმოქმედობა, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე უარის თქმა (ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია კანონმდებლობის საწინააღმდეგო მოქმედებების შესრულების უფლება) ცხადყოფს გულგრილობას და საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორ შეფასებას. ყურადღება უნდა გამახვილდეს თუ როგორ ხდებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ №3ბ/268-13 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება სახელმწიფო ქონების რეგისტრაციის და პრივატიზაციის სამმართველოს მიერ. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კასატორს უსაფუძვლოდ უთხრეს უარი პრივატიზაციაზე, რაც მოგვიანებით ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად აღიარა და 2013 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დროულად იყო წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაცია პრივატიზაციის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სასოსფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის საკითხზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობით კანონმდებლობა ირღვევა, რის შედეგადაც სასიცოცხლო ინტერესებს ზიანი ადგება, ქონებით სარგებლობა და მოსავლის მიღება კი შეუძლებელი ხდება. პრივატიზაციის შემთხვევაში მოსარჩელე შეძლებდა „სადავო“ მიწის ნაკვეთზე მოსავლის (კარტოფილის) მოყვანას. მოსავლის ღირებულება ასახული იყო სარჩელში და გამოთვლილი იყო პროგნოზირების გზით, საქართველოს სტატისტიკის სამსახურიდან და საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოდან მიღებული საშუალო მოსავლიანობის და ღირებულების მონაცემთა საფუძველზე. აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილი სასარჩელო განცხადების მეორე პუნქტში მოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების არ მიღების მიზეზები და მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება პრივატიზაციაზე უარის თქმით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) კ. ხ-იმა 2011 წლის 26 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს და მოითხოვა იჯარით გაცემული 3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება. ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 17 ოქტომბრის №3207-7/04 წერილით, კ. ხ-ის უარი ეთქვა იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 16 მაისის №1-1/1159 ბრძანებით, უარი ეთქვა კ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო (ტ.I. ს.ფ. 229-230); ბ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის №3/2843-12 გადაწყვეტილებით კ. ხ-იის სარჩელი ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 17 ოქტომბრის №3207-7/04 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 16 მაისის №1-1/1159 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (ტ. I. ს.ფ. 232-238); გ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის №3ბ/268-13 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 17 ოქტომბრის №3207-7/04 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 16 მაისის №1-1/1159 ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (ტ. I. ს.ფ. 241-252); დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის №ბს-293-285(2კ-13) განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (ტ. II. ს.ფ. 2-3); ე) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/268-13) აღსრულების მიზნით, სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის მიერ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება. 2013 წლის 13 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №10/38859 წერილით მიმართა წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას და სთხოვა ეცნობებინა რომელი აქტი გახდა საფუძველი კ. ხ-ისთვის საიჯარო მიწის ნაკვეთის გაცემისა, კერძოდ, წალკის რაიონის გამგეობის 25/05/2001წლის №48 დადგენილება თუ წალკის რაიონის გამგეობის 27/04/2001 წლის №36 გადაწყვეტილება (ტ. II. ს.ფ. 8); ვ) წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 27 დეკემბრის №551/04 წერილით, ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრს ეცნობა, რომ აღმოსავლეთის რეგიონული არქივის მონაცემების მიხედვით, წალკის რაიონის გამგეობის 27/04/2001 წლის №36 გადაწყვეტილებით, მოქალაქე კ. ხ-ის გამოეყო 3 ჰა (სახნავი) მიწის ნაკვეთი (ტ. II. ს.ფ. 9); ზ) ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №14 თათბირის ოქმის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის №3ბ/268-13 გადაწყვეტილებისა და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 27 დეკემბრის №551/04 წერილის საფუძველზე, სრულყოფილად იქნა მიჩნეული კ. ხ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და მის მიმართ გაიცა შეტყობინება საპრივატიზებო ღირებულების სრულად ან 50%-ის გადახდის თაობაზე (ტ. II. ს.ფ. 10-11); თ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 31 დეკემბრის №10/40561 და 2013 წლის 31 დეკემბრის №10/40562 წერილებით კ. ხ-ის ეცნობა ს/კ №... (0,2068 ჰა. სახნავი) და ს/კ №... (0,9111 ჰა. სახნავი) საიჯარო მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო ფასის - 144,76 ლარის და 1337,77 ლარის სრულად ან სულ მცირე 50%-ის 15 დღის ვადაში გადახდის ვალდებულებისა და თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის წარდგენის თაობაზე ( ტ. II. ს.ფ. 16-17); ი) აღნიშნული შეტყობინებები საქართველოს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა კ. ხ-ის, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩაბარება ვერ მოხერხდა. 2014 წლის 28 იანვარს, ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის თანამშრომელი გამოცხადდა კ. ხ-ის საცხოვრებელ მისამართზე ორჯერ (15:00 და 21:00 საათზე) შეტყობინებების ხელზე გადაცემის მიზნით, თუმცა ჩაბარება კვლავ ვერ განხორციელდა (ტ. II. ს.ფ. 18-21); კ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 04 თებერვალს №10/3770 წერილით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის №3ბ/268-13 გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის დასრულების მიზნით, სთხოვა დახმარება 2013 წლის 31 დეკემბრის №10/40561 და №10/40562 შეტყობინებების ჩაბარებასთან დაკავშირებით ( ტ. II. ს.ფ. 22); ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 20 თებერვლის №17269 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ 2014 წლის 20 თებერვალს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამოცხადდა კ. ხ-ი, რომელსაც აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გააცნეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 31 დეკემბრის №10/40561 და №10/40562 შეტყობინებების შინაარსი და სთხოვეს მათი ჩაბარება, თუმცა აღნიშნულზე მან უარი განაცხადა, რის თაობაზეც შედგა შესაბამისი შინაარსის ოქმი (ტ. II. ს.ფ. 23-24); მ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 19 ივნისის №1/6-496 ბრძანებით, კ. ხ-ის უარი ეთქვა 26/11/2011 წლის განცხადების დაკმაყოფილებაზე, წალკა სოფ. ...ში მდებარე 19111.00 კვ. მეტრი (სახნავი ს/კ №...) და 2068.00 კვ. მეტრი (სახნავი ს/კ №...) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების თაობაზე დადგენილ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობისა და თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების წარუდგენლობის გამო (ტ. II. ს.ფ. 25-26).

მოცემულ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის მოსარჩელე კ. ხ-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა.

მოცემულ შემთხვევაში კ. ხ-ი მისთვის ზიანის მიყენების ფაქტს უკავშირებს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 17 ოქტომბრის №3207-7/04 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 16 მაისის №1-1/1159 ბრძანებას, რომლებითაც მას უარი ეთქვა იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე. ასევე, მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის №3ბ/268-13 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 17 ოქტომბრის №3207-7/04 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 16 მაისის №1-1/1159 ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე ადმინისტრაციული ორგანოს უართან დაკავშირებით არსებობს კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის №3ბ/268-13 გადაწყვეტილება, თუმცა მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის არა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემის დავალებას, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემას. ამასთანავე, აღნიშნული მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ 20.04.2006წ. №ბს-1291-866(კ-05); 18.10.2018წ. №ბს-368-368(კ-18)). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის №3ბ/268-13 გადაწყვეტილების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა არ წარმოშობს მოსარჩელის უფლებას ზიანის მოთხოვნის შესახებ და შესაბამისად, სარჩელი მხოლოდ ამ საფუძველზე მითითებით ვერ დაკმაყოფილდება.

ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მოსარჩელეა ვალდებული, სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამასთან მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რაც დადასტურებდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოსარჩელე კ. ხ-ისათვის ზიანის მიყენების ფაქტს (ასეთად ვერ იქნება განხილული კასატორის მიერ დასახელებული, საქმეში წარმოდგენილი საქსტატის ცნობები ტ.2. ს.ფ. 226-229, 282). ამასთან, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/268-13) აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სრულყოფილად იქნა მიჩნეული კ. ხ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და მის მიმართ გაიცა შეტყობინება საპრივატიზებო ღირებულების სრულად ან 50%-ის გადახდის თაობაზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 31 დეკემბრის №10/40561 და 2013 წლის 31 დეკემბრის №10/40562 წერილებით კ. ხ-ის ეცნობა ს/კ №... (0,2068 ჰა. სახნავი) და ს/კ №... (0,9111 ჰა. სახნავი) საიჯარო მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო ფასის - 144,76 ლარის და 1337,77 ლარის სრულად ან სულ მცირე 50%-ის 15 დღის ვადაში გადახდის ვალდებულებისა და თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის წარდგენის თაობაზე. მართალია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 19 ივნისის №1/6-496 ბრძანებით, კ. ხ-ის უარი ეთქვა 26/11/2011 წლის განცხადების დაკმაყოფილებაზე, წალკა სოფ. ...ში მდებარე 19111.00 კვ. მეტრი (სახნავი ს/კ №...) და 2068.00 კვ. მეტრი (სახნავი ს/კ №...) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების თაობაზე, თუმცა აღნიშნული განაპირობა თავად კასატორის (მოსარჩელის) უმოქმედობამ, კერძოდ, მან დადგენილ ვადაში არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური. ამასთან, საქმის მასალებით ისიც უდავოდ დადასტურებულია, რომ კ. ხ-იმა უარი განაცხადა ჩაებარებინა 2013 წლის 31 დეკემბრის №10/40561 და №10/40562 შეტყობინებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები - სათანადო წესით არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც შედეგად მოჰყვა პირის კანონიერი უფლებების შეზღუდვა და მატერიალური ზიანი, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, რა გარემოებებიც სარჩელის უარყოფის საფუძველია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო პალატა არ არის შებოჭილი ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილს არ ხდის საკასაციო სასამართლოს თავადვე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლოს პროცესუალური როლის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო. შესაბამისად, კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ დაერთვება საქმეს და საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინება;

3. კ. ხ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.05.2023წ. №32376752 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70 პროცენტი - 4 200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე