დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.12.2013
საქმის ნომერი
327აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №327აგ-13 5 დეკემბერი, 2013 წელი

გ-ი ა., 327აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6-6 თვით, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით ა. გ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 8 ოქტომბრიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ა. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 17 მაისს მსჯავრდებულმა ა. გ-მა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ა. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელებიდან – 2-2 თვე და 7-7 დღე და ა. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განაჩენი და 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ა. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განაჩენის გაუქმებას და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის შემცირებას 9 თვით ან საქმის დაბრუნებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შუამდგომლობის ხელახლა განხილვის მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.

მოცემულ შემთხვევაში, ა. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. გ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი მისთვის სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენი ა. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე