დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 09.12.2013
საქმის ნომერი
352აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
09.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №352აგ-13 9 დეკემბერი, 2013 წელი ს-ო ვ., 352აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ს-ოს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ვ. ს-ო ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 2500 ლარი.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: ვ. ს-ოს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 4 წლით, ხოლო 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ვ. ს-ოს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 21 მაისიდან.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ვ. ს-ოს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 3 ივნისს მსჯავრდებულმა ვ. ს-ომ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ვ. ს-ოს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ვ. ს-ო საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.

მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ს-ოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენი ვ. ს-ოს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე