დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №418აგ-13 4 დეკემბერი, 2013 წელი შ-ი ი., 418აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. შ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განაჩენით ი. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 4-4 წლით, ხოლო 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ი. შ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 15 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ი. შ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2013 წლის 21 მაისს მსჯავრდებულმა ი. შ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ი. შ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განაჩენი და 2013 წლის 10 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ი. შ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების სამეურნეო განყოფილებაში პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.
მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენი ი. შ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე