დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №421აგ-13 5 დეკემბერი, 2013 წელი
მ-ა ი., 421აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. მ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 აპრილის განაჩენით ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 15 წლით, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით ი. მ-ას განესაზღვრა 17 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 4 დეკემბრიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის განაჩენი შეიცვალა: ი. მ-ას განაჩენიდან ამოერიცხა მითითება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებაზე და ბრალდების ამ ნაწილში იგი გამართლდა; ი. მ-ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 14 წლით, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 16 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 19 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ი. მ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 14 ნოემბრის განაჩენი) დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა ი. მ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: ი. მ-ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 4 დეკემბრიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ი. მ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენის გაუქმებას და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის საბოლოო ზომად 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, ი. მ-ას მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. მ-ას პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. მ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განაჩენი ი. მ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე