დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.12.2013
საქმის ნომერი
424აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №424აგ-13 5 დეკემბერი, 2013 წელი

ბ-ე დ., 424აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 7 წლით, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით დ. ბ-ეს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 აგვისტოდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 8 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.

2013 წლის 21 მაისს მსჯავრდებულმა დ. ბ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 აგვისტოდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 8 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული დ. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის საბოლოო ზომის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა ნაკლებად მკაცრი – სსკ-ის 236-ე მუხლით დანიშნული და ასევე ამნისტიით შემცირებული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მსჯავრდებულ დ. ბ-ისთვის სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენი დ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე