დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 03.12.2013
საქმის ნომერი
535აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
03.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№535აგ-13 3 დეკემბერი, 2013 წელი

ბ-ი ი, 535აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ი. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის მეორე ნაწილით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მას განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი და საბოლოოდ ი. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 2 ნოემბრიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ბ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და იგი გათავისუფლდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან; ასევე გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის განაჩენით სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ერთი მეოთხედით შეუმცირდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განაჩენით სსკ–ის 2381–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ერთი მეთხედით შეუმცირდა ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის განაჩენით სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ი. ბ-ს მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 2 ნოემბრიდან.

2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა ი. ბ-ა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, იმ მოტივით, რომ 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და ითხოვა მის მიმართ დადგენილი განაჩენის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის განაჩენში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ი. ბ-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის აქტით შემცირებულ სასჯელს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, სსკ–ის 59–ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ამავე განაჩენით სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელიდან ნაწილობრივ დაემატა 2 თვე და განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ–ის 59–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, წინა - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განაჩენით სსკ–ის 2381–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელიდან ნაწილობრივ დაემატა 9 თვე და საბოლოოდ მას განესაზღვრა 2 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 2 ნოემბრიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემრბის განაჩენი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ი. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, ი. ბ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ბ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი