დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №553აგ-13 17 დეკემბერი, 2013 წელი
ს-ი ბ., 553აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თიანეთის რაიონის სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ბ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 იანვრის განაჩენით ბ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით, მე-3 ნაწილით – 5 წლით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით – 5 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, მე-3 ნაწილით – 6 წლით, 108-ე მუხლით კი – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით ბ. ს-ს განესაზღვრა 13 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 15 აპრილიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 იანვრის განაჩენით ბ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 7 წელი, 2 თვე, 18 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის, 2 თვისა და 18 დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 27 იანვრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ს-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ: მსჯავრდებული ბ. ს-ი გათავისუფლდა თიანეთის რაიონის სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 იანვრის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად დარჩენილი 3 წელი, 2 თვე, 18 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით, 5 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 27 იანვრიდან.
2013 წლის 16 მაისს მსჯავრდებულმა ბ. ს-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ს-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 იანვრის განაჩენი და 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ბ. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის საბოლოო ზომის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ დანაშაულის რეციდივის მიუხედავად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულს სასჯელი შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების წესით განესაზღვრა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. ს-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი მისთვის სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენი ბ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე