დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№575აგ-13 24 დეკემბერი, 2013 წელი
რ-ე მ.- 575აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენით მ. რ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით;
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით; მ. რ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა – 5000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის ვადა აეთვალა 2009 წლის 2 ნოემბრიდან;
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. რ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. რ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა: სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მ. რ-ეს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 13 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ მ. რ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის განაჩენი და გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენის თაობაზე მ. რ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ მ. რ-ე ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მ. რ-ისათვის სასჯელის შემცირება ნაწილობრივი შეკრების, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენი მ. რ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი