დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№578აგ-13 24 დეკემბერი, 2013 წელი
ც-ი ზ.- 578აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ც-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ზ. ც-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ზ. ც-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა ზ. ც-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით ზ. ც-ს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 15 სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ც-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. ც-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2011 წლის 15 სექტემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ზ. ც-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 სექტემბრის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენის თაობაზე ზ. ც-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა, 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, მის მიმართ დანიშნული სასჯელის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, შესაბამისად, სასჯელის შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ ზ. ც-ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულს ახალი დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ზ. ც-ისათვის სასჯელის შემცირება ნაწილობრივი შეკრების, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენი ზ. ც-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი