დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.12.2013
საქმის ნომერი
601აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№601აგ-13 4 დეკემბერი, 2013 წელი

ჭ-ე ს, 601აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ჭ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის განაჩენით ს. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 2000 ლარი, 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 3000 ლარი, 353–ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მას მოსახდელად განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 5000 ლარი. ს. ჭ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 19 იანვრიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, ს. ჭ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 236–ე მუხლის პირველი ნაწილით, 236–ე მუხლის მე–2 ნაწილითა და სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 21 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 15 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

2013 წლის 22 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ს. ჭ-მ და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის განაჩენის გადასინჯვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის კანონით შესულია ცვლილება, რომელიც ამსუბუქებს მის მდგომარეობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის განაჩენსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, შემცირებულ სასჯელს – 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ დაემატა: სსკ-ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შედეგად დარჩენილი სასჯელიდან – 9 თვე, 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შედეგად დარჩენილი სასჯელიდან - 1 წელი, 353–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შედეგად დარჩენილი სასჯელიდან – 1 წელი და საბოლოოდ ს. ჭ-ს განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 19 იანვრიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის განაჩენი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ს. ჭ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში, ს. ჭ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. ჭ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ს. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი