შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №602აგ-13 16 დეკემბერი, 2013 წელი
კ-ე რ., 602აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის განაჩენით რ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით, ხოლო 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით რ. კ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 11 ოქტომბრიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა იმ მიმართებით, რომ რ. კ-ეს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 ნოემბრის განაჩენით რ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით (1999 წლის რედაქცია) მიესაჯა 10 წლით, მე-18,144-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ვ“, „ი“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 15 წელი, 10 თვე, 17 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 33 წლით, 10 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 24 ნოემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენით შეიცვალა: რ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით (1999 წლის რედაქცია), მე-18,144-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ვ“, „ი“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 6 ივნისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 14 ივლისის განჩინებით რ. კ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრის განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა; რ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი მის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით რ. კ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის მე-18,144-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ზედმეტად წარდგენილი ბრალდება; რ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი მის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის დადგენილებით რ. კ-ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 11 ოქტომბრიდან.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე რ. კ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.
2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა რ. კ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ რ. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და რ. კ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 24 ნოემბრიდან; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის დადგენილება, 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული რ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის ვადის მოხდის ათვლის თარიღად 2006 წლის 11 ოქტომბრის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რ. კ-ის მიმართ მიმართ სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ რ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრულ სასჯელში - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთაში - უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2006 წლის 11 ოქტომბრიდან 2007 წლის 24 ნოემბრამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
მსჯავრდებულ რ. კ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრულ სასჯელში - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთაში - ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2006 წლის 11 ოქტომბრიდან 2007 წლის 24 ნოემბრამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე