დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-1231 (კ-23) 16 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2023წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.ჭ-ამ 13.12.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 08.11.2019წ. გაცემული №04/58463 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და გ.ჭ-ას სასარგებლოდ დროებითი განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის 3 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 300 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დავალება. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილ გ.ჭ-ას ოჯახს შორის 2014 წლის დეკემბრის თვეში გაფორმებული შეთანხმების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 11.09.2020წ. №03-1632/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, დროებითი განსახლების მიზნით, გ.ჭ-ას მიერ მითითებულ მისამართზე მონიტორინგის განხორციელების მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.12.2022წ. გადაწყვეტილებით გ.ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 11.09.2020წ. №03-1632/ო ბრძანება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილ გ.ჭ-ას ოჯახს შორის, 2014 წლის დეკემბრის თვეში გაფორმებული შეთანხმების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა დროებითი განსახლების მიზნით, მონიტორინგის განხორციელება გ.ჭ-ას მიერ მითითებულ მისამართზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2023წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.12.2022წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
მითითებული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) დევნილთან ფორმდება წერილობითი შეთანხმება მის მიერ დაკავებული ფართობის სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე; ბ) დევნილს გამოეყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საყოფაცხოვრებო პირობები; გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენა, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციას და რეგულირდება საერთო წესით.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, დროებითი განსახლების მიზნით, დეპარტამენტი განიხილავს და დაამუშავებს განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას. დეპარტამენტის მიერ განცხადების დამუშავება გულისხმობს განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და ამ ბრძანებით დამტკიცებული მონიტორინგის ფორმის შედგენას. აღნიშნული მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის თაობაზე, თვეში გასაცემი ქირის თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს, ამასთან, დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. კომისიის გადაწყვეტილებით, ქირის თანხის გაცემის 3-თვიანი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დეპარტამენტის განმეორებითი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ 19.08.2020წ. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების და გასაუბრების ოქმზე, სადაც აღნიშნულია, რომ მონიტორინგის წარმომადგენელი საცხოვრებელი მისამართის დასადგენად დაუკავშირდა დევნილ გ.ჭ-ას, რომელმაც ქირის მონიტორინგის განხორციელებაზე იმ ეტაპისათვის უარი განაცხადა, მოტივად კი მიუთითა ის გარემოება, რომ სარჩელი ქონდა შეტანილი სასამართლოში დევნილთა სააგენტოს წინააღმდეგ და ელოდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებას, დაეკითხებოდა თავის ადვოკატს და თუ საჭირო გახდებოდა, დევნილთა სააგენტოში დაწერდა განცხადებას ქირის თანხის გადახდასთან დაკავშირებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სასარჩელო წარმოების პირობებში, გ.ჭ-ამ ჯერ კიდევ 13.12.2019წ. მიმართა სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 08.11.2019წ. N04/58463 აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გ.ჭ-ას სასარგებლოდ დროებითი განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის, სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 08.11.2019წ. №04/58463 წერილით გ.ჭ-ას ეცნობა, რომ დევნილთა საკითხების შემწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით მის ოჯახს, დროებითი განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის ერიცხებოდა ქირის თანხა. ამავე წერილით განემარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებული იქნებოდა დადებითი გადაწყვეტილება დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის თაობაზე, თვეში გასაცემი ქირის თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს. ამასთან, დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. კომისიის გადაწყვეტილებით, ქირის თანხის გაცემის 3 თვიანი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის განმეორებითი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე. სსიპ სოციალური მომსაუხრების სააგენტოსათვის, ზემოაღნიშნული მიზნებისათვის გამოყოფილი ასიგნებებისა და განმეორებითი მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით ოჯახს უარი ეთქვა დროებითი განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის ქირის თანხის დარიცხვის გაგრძელებაზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოსთვის კარგად იყო ცნობილი იმ ბინის მისამართი, სადაც უნდა განხორციელებულიყო მონიტორინგი, საქმის მასალების თანახმად მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებს მონიტორინგი არ განუხორციელებიათ და არ დაუდგენიათ მათთვის ცნობილ მისამართზე გ.ჭ-ა ოჯახის წევრებთან ერთად ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება მონიტორინგის ჯგუფის მიერ, მათთვის ცნობილ მისამართზე გამოცხადების და მონიტორინგის ჩატარებაში ხელშეშლის ფაქტი, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც გ.ჭ-ა სასამართლოსთვის მიმართვის გზით ითხოვდა ადმინისტრაციული ორგანოსგან კანონით განსაზღვრული ოდენობით ბინის ქირის გადახდას, ხოლო მონიტორინგის ჯგუფი ფაქტობრივად არ გამოცხადებულა მოსარჩელის მიერ დაქირავებული ბინის მათთვის ცნობილ მისამართზე, გაურკვეველია სააგენტოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა დროებითი საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ფინანსური დახმარების მიღებაზე.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც ქმნის მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და გ.ჭ-ას ოჯახს შორის 2014 წლის დეკემბერში გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, როგორც სამინისტრო/სააგენტო იღებდა თავის წილ ვალდებულებას, ასევე დევნილ ოჯახსაც ჰქონდა ვალდებულება ხელი შეეწყო სამინისტროსთვის, სააგენტოსთვის ხელი არ შეეშალა თავისი მოვალეობის შესრულებაში, რაც შემდეგ პირდაპირ აისახებოდა საბოლოო შედეგზე, თუმცა, მოსარჩელემ უარი განაცხადა მისი საცხოვრებელი პირობების შესწავლაზე.
კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უარი განაცხადა დამატებით მის საცხოვრებელ მისამართზე მონიტორინგის განხორციელებაზე და დროებითი საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ფინანსური დახმარების მიღებაზე, შესაბამისად, კომისიის მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნული შეთანხმების ძალადაკარგულად გამოცხადება.
კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად, სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით გ.ჭ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.
06.12.2014წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და გ.ჭ-ას შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სამინისტრო იღებდა ვალდებულებას ქ.თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე (ყოფილი ...) შენობაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირი უზრუნველეყო თანხით ფართის დაქირავების მიზნით, ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით, 3 თვის ვადით.
2014 წლის 08 დეკემბრიდან 2016 წლის 15 ივლისამდე სამინისტრო დევნილ ოჯახს უწყვეტად უხდიდა ქირას 300 ლარის ოდენობით, რომელიც 2016 წლის ივლისის შემდეგ შეუწყდა.
25.10.2018წ. გ.ჭ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც მიუთითა, რომ მოხუცი მშობლების მოსავლელად წავიდა სოფელში და დევნილთა სამინისტრომ შეუწყვიტა ქირა, მშობლების გარდაცვალების შემდეგ კვლავ თბილისში განაგრძო ცხოვრება, ყოფილი ...დან გამოსვლის დღიდან ქირით ცხოვრობს ბ.კ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში და ქირაში იხდის 300 ლარს. განმცხადებელმა ითხოვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყოველთვიური ქირისათვის განკუთვნილი ფულადი თანხის ჩარიცხვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.08.2020წ. №43 სხდომის ოქმის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ მონიტორინგის პროცესში გ.ჭ-ამ უარი განაცხადა დროებითი საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ფინანსური დახმარების მიღებაზე, კომისიის მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილ გ.ჭ-ას ოჯახს შორის, დროებით საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით 2014 წლის დეკემბრის თვეში გაფორმებული შეთანხმების გაუქმება.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 11.09.2020წ. №03-1632-ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.08.2020წ. №43 სხდომის ოქმის გათვალისწინებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და დევნილ გ.ჭ-ას ოჯახს შორის 2014 წლის დეკემბერში გაფორმებული შეთანხმება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის 6.1 მუხლზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის 13.3 მუხლის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გააუქმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილ გ.ჭ-ას ოჯახს შორის, დროებით საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, 06.12.2014წ. გაფორმებული შეთანხმება, რის მიზეზადაც მითითებულია მონიტორინგის პროცესში გ.ჭ-ას მიერ დროებითი საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ფინანსური დახმარების მიღებაზე უარი.
საქმის მასალების მიხედვით, 05.09.2019წ. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლების მიერ განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე: ქ. თბილისი, ..., კორპ. №4, ბ. №.... მონიტორინგის ფორმის თანახმად, ზემოაღნიშნულ მისამართზე, ცხოვრობს განმცხადებელი მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ბინის მესაკუთრემ სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ ოჯახი მის ფართს ქირაობს თვეში 300 ლარად.
მონიტორინგის ფორმაში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნულ მისამართზე ოჯახი ცხოვრობს ქირით 2018 წლიდან, 2016 წლიდან 2018 წლამდე ცხოვრობდნენ ქირის გარეშე ქ. ზუგდიდში, სოფ. ... (...ის რაიონი), 2014 წლიდან 2016 წლამდე - ქ. თბილისში, ...ში ქირით, ხოლო 2012 წლიდან 2014 წლამდე - ქ. თბილისში, ...ში.
19.08.2020წ. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, 13:10 საათზე სააგენტოს წარმომადგენელი საცხოვრებელი მისამართის დასადგენად დაუკავშირდა დევნილ გ.ჭ-ას, რომელმაც ქირის მონიტორინგის განხორციელებაზე იმ ეტაპისათვის უარი განაცხადა, ვინაიდან სარჩელი ჰქონდა შეტანილი დევნილთა სააგენტოს წინააღმდეგ და ელოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. გ.ჭ-ამ განაცხადა, რომ დაეკითხებოდა თავის ადვოკატს და თუ საჭირო გახდებოდა, დევნილთა სააგენტოში დაწერდა განცხადებას ქირის თანხის გადახდასთან დაკავშირებით.
მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი იყო ბინის მისამართი, სადაც უნდა განხორციელებულიყო მონიტორინგი, საქმის მასალების თანახმად მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებს მონიტორინგი არ განუხორციელებიათ, არ დაუდგენიათ მათთვის ცნობილ მისამართზე გ.ჭ-ა ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრების ფაქტი. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება მონიტორინგის ჯგუფის მიერ მათთვის ცნობილ მისამართზე გამოცხადების და მონიტორინგის ჩატარებაში ხელშეშლის ფაქტი, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც გ.ჭ-ა სასამართლოსთვის მიმართვის გზით ითხოვდა ადმინისტრაციული ორგანოსგან კანონით განსაზღვრული ოდენობით ბინის ქირის გადახდას, ხოლო მონიტორინგის ჯგუფი ფაქტობრივად არ გამოცხადებულა მოსარჩელის მიერ დაქირავებული ბინის მათთვის ცნობილ მისამართზე, საფუძველს მოკლებულია სააგენტოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა დროებითი საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ფინანსური დახმარების მიღებაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილ გ.ჭ-ას ოჯახს შორის 06.12.2014წ. გაფორმებული შეთანხმების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც ქმნის მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2023წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი