დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.12.2013
საქმის ნომერი
663აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №663აგ-13 11 დეკემბერი, 2013 წელი ს-ი ბ., 663აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 ივნისის განაჩენით ბ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით – 12 წლით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 9 ნოემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 4 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა: „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ბ. ს-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან და საბოლოოდ მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 2 სექტემბრის განაჩენით ბ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 4 იანვრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 10 წელი, 2 თვე, 7 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის, 8 თვისა და 7 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 2 სექტემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ბ. ს-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 108-ე მუხლით შეფარდებული სასჯელი – 10 წლით, 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 7 წლით, 7 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბ. ს-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 8 წლით, 9 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 2 სექტემბრიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 2 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით შეიცვალა: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ბ. ს-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 2 სექტემბრიდან.

2013 წლის 15 მაისს მსჯავრდებულმა ბ. ს-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 7 წელი და ბ. ს-ს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 2 სექტემბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ბ. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენის შეცვლას და სასჯელის საბოლოო ზომად 7 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, რომლის ათვლა დაეწყება 2008 წლის 2 სექტემბრიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, ბ. ს-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. ს-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი მისთვის სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენი ბ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე