დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.12.2013
საქმის ნომერი
704აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№704აგ-13 11 დეკემბერი, 2013 წელი

ფ-ი შ, 704აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ფ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 ივლისის განაჩენით შ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო 2007 წლის 5 აპრილიდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 თებერვლის განაჩენით შ. ფ-ი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განაჩენი შ. ფ-ს მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ფ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის დადგენილებით მთლიანად შეიკრიბა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 ივლისისა და გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 თებერვლის განაჩენებით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილები და შ. ფ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 33 წლით, 5 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 13 ოქტომბრიდან.

გორის რაიონული საამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შ. ფ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის დადგენილებით სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით, 1 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 13 ოქტომბრიდან.

2013 წლის 21 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა შ. ფ-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ შ. ფ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება და გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა შ. ფ-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ. ფ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ შ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი