დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.12.2013
საქმის ნომერი
714აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№714აგ-13 11 დეკემბერი, 2013 წელი

ჭ-ა გ, 714აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჭ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 ივლისის განაჩენით გ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის III ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,დ» ქვეპუნქტებით _ 7 წლით, ხოლო 353-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, გ. ჭ-ს სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინებით გ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჭ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ გ. ჭ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ გ. ჭ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 15 ოქტომბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ჭ-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 იანვრის განჩინების გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა (სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით) დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 ივლისის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 იანვრის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, გ. ჭ-ს მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ამნისტიის გათვალისწინებით) დანიშნული სასჯელიდან - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთიდან მსჯავრდებულ გ. ჭ-ს დაენიშნა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ამნისტიის გათვალისწინებით) დანიშნული სასჯელიდან - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 4 წელი და საბოლოოდ მას განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 15 ოქტომბრიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 ივლისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 იანვრის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. ჭ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებულ გ. ჭ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში, გ. ჭ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ჭ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ჭ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი