დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 10.07.2002
საქმის ნომერი
3კ/662-02
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
10.07.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-662-02 10 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: საავტორო უფლების დაცვა.

აღწერილობითი ნაწილი:

კომპანია “ა. ფ. ლ.” სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს საყმაწვილო-ლიტერატურული ჟურნალი “დ.” მიმართ (მესამე პირი - შპს “ბ. ს. გ.”) და მოითხოვა საავტორო უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, კერძოდ: “საყმაწვილო ენციკლოპედიის” ეგზემპლარების ჩამორთმევა, შემდგომში მათი გავრცელების აკრძალვა და განადგურება; იმ ფირების, სლაიდების და სხვა მატერიალური მატარებლების განადგურება, რომელიც გამოყენებული იქნა უფლების დარღვევის მიზნით; იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც მოპასუხემ მიიღო საავტორო უფლების დარღვევის შედეგად. მოპასუხემ, მისივე განცხადებით, გამოცემიდან ერთ თვეში განახორციელა 2500 ცალი “საყმაწვილო ენციკლოპედიის” რეალიზაცია, თითოეული გაყიდა 16 ლარად, ამიტომ მოსარჩელემ მის სასარგებლოდ მოითხოვა მოპასუხისათვის თითოეული კონტრაფაქციული ეგზემპლარის გაყიდვიდან 16 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის ქართველი და ინგლისელი იურისტებისაგან მიღებული კონსულტაციებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრება, ასევე, მიყენებული ზიანის ანაზღაურება სკ-ს 408-ე, 411-ე და 992-ე მუხლების შესაბამისად.

2000წ. 3 აპრილს მოსარჩელე “ა. ფ. ლ.” წარმომადგენლებმა ბ. ს.მა და კ. შ.ემ განცხადებით მიმართეს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, კერძოდ, მოითხოვეს მოპასუხე შპს საყმაწვილო-ლიტერატურული ჟურნალ “დ.” მიერ გამოცემული “საყმაწვილო ენციკლოპედიის” ეგზემპლარების შემდგომი გავრცელების აკრძალვა და მოპასუხისათვის ჩამორთმევა, რადგან მოპასუხე კვლავ აგრძელებს “საყმაწვილო ენციკლოპედიის” ეგზემპლარების რეალიზაციას საცალო ქსელითა და სხვადასხვა საშუალებებით. ვინაიდან სარჩელის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვე, ამიტომ მოპასუხეს საშუალება ექნება, სრულად გაავრცელოს “საყმაწვლო ენციკლოპედიის” ეგზემპლარები, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელს გახდის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 5 აპრილის განჩინებით დააკმაყოფილა “ა. ფ. ლ.” შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ: შპს საყმაწვილო ლიტერატურულ ჟურნალ “დ.” აეკრძალა “საყმაწვილო ენციკლოპედიის” ეგზემპლარების გავრცელება ნებისმიერი საშუალებით (გაყიდვა, გაქირავება, უსასყიდლო გასხვისება და ა.შ); ყადაღა დაედო “საყმაწვილო ენციკლოპედიის” ყველა ეგზემპლარს.

სასამართლო კოლეგიის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით საქმის არსებით განხილვამდე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება, რომელიც უკრძალავს მოპასუხეს (რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია საავტორო და მომიჯნავე უფლებები), განსაზღვრულ მოქმედებათა შესრულებას, როგორიცაა დამზადება, რეპროდუცირება, გაყიდვა, გაქირავება, იმპორტი და ნაწარმოების ამ კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი გამოყენება. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ განცხადებაში მითითებული ის გარემოება, რომ მოპასუხე ახდენს “საყმაწვილო ენციკლოპედიის” ეგზემპლარების რეალიზაციას, წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის. განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენლი მტკიცებულებები სასამართლოს ასევე უქმნის საფუძვლიან ვარაუდს, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია მოსარჩელის საავტორო უფლებები.

საყმაწვილო-ლიტერატურული ჟურნალ “დ.” მთავარმა რედაქტორმა კერძო საჩივარი შეიტანა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 5 აპრილის განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივრის მოტივებია შემდეგი: მოსარჩელემ ზუსტად არ განსაზღვრა დავის საგანი, რათა სასამართლოში არ გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი. ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად სასამართლოს თვითონ უნდა განესაზღვრა დავის საგნის ღირებულება, რაც არ გაუკეთებია, რითაც მოსარჩელეს მიეცა საშუალება სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელად, შემდგომში გაეზარდა მიყენებული ზიანის თანხები. სარჩელში მითითებულია, რომ “ასბორნსა” და “გამომცემლობას” შორის 2001წ. 10 ივლისს დაიდო ხელშეკრულება საბავშვო ენციკლოპედიის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის განსაკუთრებული საავტორო უფლების 2007 წლამდე გადაცემის თაობაზე, მაგრამ ასეთი ხელშეკრულება მოსარჩელემ არ წარმოადგინა. მოპასუხემ ენციკლოპედიის იდეაზე მუშაობა დაიწყო 1996 წლიდან, 2001წ. იანვარში კი საზოგადოებას ამცნო ენციკლოპედიის გამოცემის დაწყების თაობაზე და მის პირველ წიგნს “სამყარო” ხელმომწერები გაუჩნდა; გამავრცელებლებმა დარჩენილ ტირაჟს ასევე გაუკეთეს რეალიზაცია სასამართლო განჩინების მიღებამდე, რაც მოსარჩელისთვის ცნობილია.

“საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 23-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად ბოლო გამოცემაში მოხდა გამოყენებული ნაწარმოების ავტორებისა და სესხების წყაროს სრულად დაფიქსირება და ამდენად, რედაქციას კანონი არ დაურღვევია.

არ არის დაკონკრეტებული მოსარჩელის პრეტენზია ნახატების გამოყენებასთან მიმართებაში. კერძო საჩივრის ავტორი სადავო-სამართლებრივი ურთიერთობის არასათანადო მხარეა; მოსარჩელემ არ გაითვალისწინა წიგნის ბაზრის კონიუნქტურის “როსმენ-პრესის” უფლებები და შესაბამისად, რედაქციის შესაძლებლობების იგნორირება მოახდინა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 18 აპრილის განჩინებით არ დააკმაყოფილა საყმაწვილო ლიტერატურული ჟურნალ “დ.” კერძო საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სასამართლო კოლეგიის განჩინება ეფუძნება იმას, რომ “სახელმწიფო ბაჟის” შესახებ კანონის მე-5 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით მოსარჩელე, როგორც საავტორო უფლებებიდან გამომდინარე მოდავე მხარე, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. “ასბორნსა” და “გამომცემლობას” შორის 2001წ. 10 ივლისს დადებული ხელშეკრულების წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, რადგან თუ “გამომცემლობას” ეკუთვნის 2007 წლამდე საბავშვო ენციკლოპედიის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის განსაკუთრებული უფლება, ეს გარემოება გამოკვლეულ უნდა იქნეს სარჩელის არსებითი განხილვისას. მოცემულ საქმეზე დავის საგანია მოპასუხის მიერ გამოცემული “საყმაწვილო ენციკლოპედიის” ეგზემპლარების შემდგომი გავრცელების აკრძალვა და ჩამორთმევა. თუ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხის მიერ გავრცელებული იქნება დავის საგანი (კერძო საჩივარში მისი რეალიზაციის ფაქტს არ უარყოფს მოპასუხე), მაშინ შეუძლებელი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. მოსარჩელის საავტორო უფლებების დარღვევის ვარაუდი სასამართლოს შეუქმნა კერძო საჩივარში იმის მითითებამ, რომ “საყმაწვილო ენციკლოპედიის” მიერ განხორციელებულ გამოცემებში არ დაფიქსირებულა სესხების წყაროდ გამოყენებული ავტორები, ასეთი მხოლოდ ბოლო გამოცემაში მოხდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საყმაწვილო-ლიტერატურული ჟურნალ “დ.” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კომპანია “ა. ფ. ლ.” სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს საყმაწვილო-ლიტერატურული ჟურნალ “დ.” მიმართ, მესამე პირი შპს “ბ. ს. გ.” და მოითხოვა საავტორო უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, კერძოდ: მოპასუხისათვის “საყმაწვილო ენციკლოპედიის” ეგზემპლარების ჩამორთმევა, შემდგომში მათი გავრცელების აკრძალვა და განადგურება; იმ ფირების, სლაიდების და სხვა მატერიალური მატარებლების განადგურება, რომელიც გამოყენებულ იქნა უფლების დარღვევის მიზნით; იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც მოპასუხემ მიიღო საავტორო უფლების დარღვევის შედეგად. ამის შემდეგ, 2000წ. 3 აპრილს, მოსარჩელე “ა. ფ. ლ.” წარმომადგენლებმა ბ. ს-მა და კ. შ-ემ განცხადებით მიმართეს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, კერძოდ, მოითხოვეს მოპასუხე შპს საყმაწვილო-ლიტერატურული ჟურნალ “დ.” მიერ გამოცემული “საყმაწვილო ენციკლოპედიის” ეგზემპლარების შემდგომი გავრცელების აკრძალვა და მოპასუხისათვის ჩამორთმევა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსკ-ს 191-ე და 198-ე მუხლები, რომელთა საფუძველზეც დააკმაყოფილა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. 191-ე მუხლში მითითებულია, რომ მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე, მითითებას იმის თაობაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ. სასამართლო კოლეგიამ დააკმაყოფილა აღნიშნული განცხადება და სსკ-ს 198-ე მუხლის პირველი ნაწილის და მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების საფუძველზე მოპასუხეს აეკრძალა “საყმაწვილო ენციკლოპედიის” ეგზემპლარების გავრცელება ნებისმიერი საშუალებით (გაყიდვა, გაქირავება, უსასყიდლოდ გასხვისება და ა.შ.), ყადაღა დაედო “საყმაწვილო ენციკლოპედიის” ყველა ეგზემპლარს.

პალატა თვლის, რომ განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს “საყმაწვილო ენციკლოპედიის” გამოცემისას, არ დაურღვევია “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მოთხოვნები. რადგან სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია და არ გადაუწყვეტია აღნიშნული საკითხი. ამჯერად საკასაციო პალატა საქმის მასალების მიხედვით ამოწმებს მხოლოდ სასამართლო კოლეგიის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონიერებას.

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად გამოიყენა “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის საფუძველზე საქმის არსებით განხილვამდე სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს განჩინება, რომელიც უკრძალავს მოპასუხეს (რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია საავტორო და მომიჯნავე უფლებები) განსაზღვრულ მოქმედებათა შესრულებას, როგორიცაა დამზადება, რეპროდუცირება, გაყიდვა, გაქირავება, იმპორტი და ნაწარმოების ამ კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი გამოყენება.

ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო კოლეგიას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც კერძო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვალნელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საყმაწვილო-ლიტერატურული ჟურნალ “დ.” მთავარი .... დ. წ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 5 აპრილისა და 18 აპრილის განჩინებები მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.