დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.12.2013
საქმის ნომერი
897აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
06.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№897აგ-13 6 დეკემბერი, 2013 წელი

ხ-ი ა, 897აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წელი პირობითი მსჯავრი, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის განაჩენით ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 8 წლითა და 3 თვით, 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 წლითა და 2 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და განესაზღვრა 22 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 9 თვე, 9 დღე და ა. ხ-ს საბოლოოდ მიესაჯა 26 წლით, 5 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 6 ოქტომბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განაჩენით ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 5 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 23 ნოემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით ა. ხ-ს განაჩენთა ერთობლიობით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მიესაჯა 40 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 31 ივლისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ხ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ა. ხ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 2 თვითა და 7 დღით, 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 4 წლით, 7 თვითა და 15 დღით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით აღნიშნული განაჩენით ა. ხ-ს მოსახდელად დარჩა 16 წლით, 11 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ხ-ს ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 3 წლითა და 9 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 5 წლითა და 3 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით ამ განაჩენით ა. ხ-ს განესაზღვრა 15 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ა. ხ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 31 წლით, 11 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 31 ივლისიდან.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.

2013 წლის 1 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. ხ-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 მარტის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ა. ხ-ს მიმართ 2009 წლის 11 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული (2008 წლის 16 მაისის ეპიზოდი, 2008 წლის 22 მაისის ეპიზოდი, 2008 წლის 27 ივლისის ეპიზოდი) და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ¼–ით შემცირებული სასჯელები სსკ-ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილით შეიკრიბა ნაწილობრივ და განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2009 წლის 31 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, შეიკრიბა ნაწილობრივ და დანაშაულთა ერთობლიობით ა. ხ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე ა. ხ-ს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილი აქვს ნაწილობრივ და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 6 ოქტომბრიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ა. ხ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

მოცემულ შემთხვევაში, ა. ხ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ხ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი