დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.12.2013
საქმის ნომერი
898აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
02.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№898აგ-13 2 დეკემბერი, 2013 წელი

მ-ე კ.- 898აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 აპრილის განაჩენით კ. მ-ე, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, მათ შორის პირველი 3 წლის – მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 19 ნოემბრიდან.

იმავე სასამართლოს 2005 წლის 20 აპრილის განჩინებით სისხლის სამართლის საქმე კ. მ-ის მიმართ განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლო იარაღის უკანონოდ შეძენა- შენახვისა და ტარების ბრალდების ნაწილში დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნდა ქ. თბილისის პროკურატურაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 5 ივლისის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 20 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება და კ. მ-ეს ამოერიცხა მითითება სასჯელის პირველი სამი წლის საპყრობილეში მოხდის შესახებ. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით კ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2006 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად, მასვე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 25 წლის ვადით.

კ. მ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 19 ნოემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

კ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“, „ლ“ პუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის კანონი).

კ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ პუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის კანონი), სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ პუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის კანონი) - თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად, მასვე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ. მ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 25 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 19 ნოემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ კ. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ კ. მ-ეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით (განაჩენთა ერთობლიობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 თებერვლის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 აპრილის განაჩენით) საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები, კერძოდ:

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტითა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 17 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთიდან – განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 14 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ კ. მ-ეს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 25 წლის ვადით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

2013 წლის 21 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა კ. მ-ემ და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განაჩენით კ. მ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენის თაობაზე კ. მ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებული განაჩენის სამოტივაციო ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილებით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან საქმე გვაქვს დანაშაულთა ერთობლიობასთან, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეკრება უნდა მოხდეს არა სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, არამედ იმავე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას სასჯელების სრულად შეკრების ნაწილში და მიიჩნევს, რომ კ. მ-ის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და ადრე არაერთი ნასამართლობის გათვალისწინებით, რომელიც ქმნის დანაშაულის რეციდივს, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება ან სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი