დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.12.2013
საქმის ნომერი
951აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
23.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№951აგ-13 23 დეკემბერი, 2013 წელი

ე-ე დ, 951აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ე-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დ. ე-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ე-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი და მას ერთი მეოთხედით შეუმცირდა გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. ე-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. ე-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განაჩენი და გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ე-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

მსჯავრდებული დ. ე-ე გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ მხოლოდ ერთი მუხლით, ხოლო სასჯელთა შთანთქმის პრინციპი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირი ცნობილია დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით და, შესაბამისად, მისჯილი აქვს რამდენიმე სასჯელი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ დ. ე-ს მიმართ ვერ იქნება გამოყენებული სასჯელთა შთანთქმის წესი, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ე-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი