გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2014
საქმის ნომერი
267აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.01.2014

გადაწყვეტილების ტექსტი

№267აგ-13 10 იანვარი, 2014 წელი

ხ-ი ბ.- 267აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განაჩენით ბ. ხ-ი - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ხ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 5 წლის ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

ბ. ხ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 13 იანვრიდან.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ხ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მოქმედება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, მსჯავრდებული ბ. ხ-ი გათავისუფლდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 13 იანვრიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა ბ. ხ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, კერძოდ:

სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ბ. ხ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 13 იანვრიდან.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენის თაობაზე ბ. ხ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა აღნიშნული განაჩენის გაუქმება და 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, მის მიმართ დანიშნული სასჯელის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა (საბოლოო სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით).

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი შესწორდა, კერძოდ:

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე ბ. ხ-ი გათავისუფლდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან.

ბ. ხ-ი გათავისუფლდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელებისაგან. მასვე აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. მსჯავრდებული ბ. ხ-ი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი დაწესებულებიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბ. ხ-ი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სრულად გათავისუფლდა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელებისაგან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში შესულ ცვლილებებთან (ახალ კანონმდებლობასთან) მისთვის დანიშნული (მოხდილი) სასჯელის შესაბამისობაში მოყვანის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენი ბ. ხ-ისათვის საბოლოო სასჯელის ნაწილობრივი შეკრების პრინციპით დანიშვნის თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენი ბ. ხ-ის მიმართ.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი