დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-778-02 26 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და
გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
აღწერილობითი ნაწილი:
სპს “კ-მა და კომპანიამ" 26.10.2000წ. განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 1999წ. 5 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 31 ოქტომბრის განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად. სპს “კ-ის და კომპანიის" კერძო საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 17 იანვრის განჩინებით აღნიშნული განჩინება გაუქმდა და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აცილების წესით საქმე განიხილა გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ და 2001წ. 31 მაისის განჩინებით სპს “კ-ს და კომპანიას" უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო. აღნიშნულ განჩინებაზე შეტანილ იქნა კერძო საჩივარი.
თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 29 ნოემბრის განჩინებით მხარეთა მორიგება დამტკიცდა, შეწყდა საქმის წარმოება, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 5 ივლისის განჩინება.
დ. ს-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა მორიგების განჩინება. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლო გასცდა კერძო საჩივრის ფარგლებს, როდესაც მორიგების დამტკიცებისას გაუქმდა 1999წ. 5 ივლისის გადაწყვეტილება, რითაც ასევე შეიზღუდა მხარეთა შორის არსებული მორიგების პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ს-ემ მოითხოვა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მორიგების განჩინების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 მაისის განჩინებით დ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 29 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 5 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
სსკ-ს 265-ე მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების ორ საფუძველს, ბათილად ცნობას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას.
მოცემულ სადავო შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწვეტილების გაუქმების საფუძვლის არსებობა დადგენილი არ არის.
მხარეებს შეუძლიათ დავა მორიგებით დაამთავრონ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც, მაგრამ ეს გარემოება არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. Aასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების იურიდიული ძალა განისაზღვრება მხარეთა მიერ შემდგომში მის მიმართ განხორციელებული მოქმედებებით და შეიძლება შეიზღუდოს მხარეთა ნებაზე დაფუძნებული სხვა აქტებით.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის სადავო განჩინებით დამტკიცებული მორიგების არც ერთ პუნქტს. კერძო საჩივრის ძირითადი მოტივი არის ის, რომ სადავო განჩინებით არ უნდა გაუქმებულიყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 5 ივლისის გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა იზიარებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე, 420-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 29 ნოემბრის განჩინება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 5 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.