დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 03.01.2014
საქმის ნომერი
513აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
03.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№513აგ-13 3 იანვარი, 2014 წელი

ს-ა კ.- 513აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ს-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 ივნისის განაჩენით კ. ს-ა, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 11 წლით; სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით, ხოლო სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და კ. ს-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 22 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 8 დეკემბრიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით კ. ს-ას ამნისტიის საფუძველზე გაუნახევრდა სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საბოლოოდ კი - 22 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ს-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ:

კ. ს-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლით, 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 8 დეკემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა კ. ს-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:

კ. ს-ის სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნულ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შემცირებულ სასჯელს - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა: სსკ-ის 143-ე მუხლით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 2 წელი და 9 თვე; სსკ-ის 181-ე მუხლით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 1 წელი და 11 თვე; სსკ-ის 363-ე მუხლით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 1 თვე და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იმავე განაჩენით დაკმაყოფილდა ზ. ც-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:

ზ. ც-ისთვის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ-ის 179-ე, 181-ე, 236-ე (სამი ეპიზოდი) და 363-ე მუხლებით დანიშნული სასჯელები და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 8 დეკემბრიდან.

მსჯავრდებული კ. ს-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის კიდევ უფრო შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. შესაბამისად, უდავოა ის გარემოება, რომ კ. ს-ასთან მიმართებით სახეზეა დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში, კ. ს-ას მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას, გამოყენებულ იქნა ნაწილობრივი შეკრების პრინციპი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას - მისი ქმედების ძალადობრივ ხასიათს, რის გამოც მიიჩნევს, რომ კ. ს-სთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უმეტეს - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე დანიშვნა, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენი კ. ს-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი