დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№537აგ-13 3 იანვარი, 2014 წელი
ბ-ე ქ.- 537აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ქ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით ქ. ბ-ე, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 6 წლითა და 6 თვით, ხოლო სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივ შეიკრიბა დანიშნული სასჯელები და ქ. ბ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 67-ე, 59-ე მუხლების საფუძველზე დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ქ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ქ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
ქ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 ნოემბრიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა ქ. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:
ქ. ბ-ისთვის სსკ-ის 178-ე და 138-ე მუხლებით დანიშნულ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შემცირებულ სასჯელს - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 2 წელი და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული ქ. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის კიდევ უფრო შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. შესაბამისად, უდავოა ის გარემოება, რომ ქ. ბ-ესთან მიმართებით სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება, ხოლო იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, ქ. ბ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი თავიდანვე ნაწილობრივი შეკრების პრინციპით დაენიშნა. ამასთან, განაჩენთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელი განისაზღვრა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას - მისი ქმედების ძალადობრივ ხასიათს, რის გამოც მიიჩნევს, რომ ქ. ბ-ისთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელის შთანთქმის პრინციპის საფუძველზე დანიშვნა აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ქ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენი ქ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი