დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№551აგ-13 14 იანვარი, 2014 წელი
ჯ-ა რ.- 551აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - რ. ჯ-ასა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განაჩენით რ. ჯ-ა, ნასამართლევი (გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2005 წლის 29 აპრილიდან), - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით - 9 წლით, ხოლო სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით რ. ჯ-ას სასჯელად განესაზღვრა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 4000 ლარი.
რ. ჯ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 8 მაისიდან.
იმავე განაჩენით მ. ჩ-ე, ნასამართლევი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2004 წლის 7 აგვისტოდან), - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით - 9 წლით, ხოლო სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მ. ჩ-ეს სასჯელად განესაზღვრა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 4000 ლარი.
მ. ჩ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 9 ივნისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: რ. ჯ-ასა და მ. ჩ-ეს შეუმცირდათ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრათ 8-8 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მათვე შეუმცირდათ სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრათ 5-5 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით რ. ჯ-ასა და მ. ჩ-ეს მოსახდელად განესაზღვრათ 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მათვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 4000-4000 ლარი.
რ. ჯ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 8 მაისიდან, ხოლო მ. ჩ-ეს - 2010 წლის 9 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით რ. ჯ-ას „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით რ. ჯ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
რ. ჯ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 8 მაისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მ. ჩ-ეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მ. ჩ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მ. ჩ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 9 ივნისიდან.
რ. ჯ-ამ და მ. ჩ-ემ შუამდგომლობებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 17 აპრილს სსკ-ის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განაჩენით შუამდგომლობები დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 და 6 თებერვლის განჩინებებში შევიდა შემდეგი ცვლილება: რ. ჯ-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ რ. ჯ-ას მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
რ. ჯ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 8 მაისიდან.
მ. ჩ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ. ჩ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მ. ჩ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 9 ივნისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა - რ. ჯ-ამ და მ. ჩ-ემ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. რ. ჯ-ამ ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ხოლო მ. ჩ-ემ – სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ რ. ჯ-ასა და მ. ჩ-ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, დანიშნული სასჯელები სამართლიანია, შეესაბამება მათ პიროვნებებსა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, მიზანშეუწონელია სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების - რ. ჯ-ასა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულების - რ. ჯ-ასა და მ. ჩ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი