დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 22.01.2014
საქმის ნომერი
670აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
22.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№670აგ-13 22 იანვარი, 2014 წელი

კ-ე თ.-670აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და თ. კ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 181–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

თ. კ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2007 წლის 22 ოქტომბრიდან.

მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5.000 ლარი.

ამავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ: გ. მ-ეს, ზ. ზ-ესა და ი. გ-ს.

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 დეკემბრის განაჩენით თ. კ-ე, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 181–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 1 წლითა და 6 თვით;

სსკ–ის 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, თ. კ-ეს სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განაჩენით თ. კ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ თ. კ-ეს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2012 წლის 24 მარტიდან.

ამავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ: პ. ს-ს, ვ. ჩ-სა და შ. ხ-ს.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ თ. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული თ. კ-ე გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან;

მასვე იმავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა 2008 წლის 8 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი და ამ მუხლით მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე იმავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა 2012 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 1 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე თ. კ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 24 მარტიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 9 აპრილის განჩინებით ცვლილება შევიდა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაში, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–2 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ თ. კ-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ–ის 181–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 4 წელი და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმის გათვალისწინებით, რომ მას 1 წელი უკვე მოხდილი ჰქონდა, მოსახდელად დარჩა 1 წელი – პირობითი მსჯავრი.

თ. კ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 2 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თ. კ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 24 მარტიდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის - დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმის ნაწილში, დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულების - თ. კ-ისა და ვ. ჩ-ის შუამდგომლობები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მათ მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, კერძოდ:

თ. კ-ისათვის გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა (ნაწილობრივ) გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განაჩენით სსკ–ის 181–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და თ. კ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 1 წლით, 8 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 24 მარტიდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 დეკემბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 9 აპრილის განჩინება თ. კ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ამავე განაჩენით ვ. ჩ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 1 წლით, 6 თვით, 22 დღითა და 12 საათით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ–ის 181–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 1 წლით, 6 თვით, 22 დღითა და 12 საათით თავისუფლების აღკვეთა და ვ. ჩ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 1 წლით, 6 თვით, 22 დღითა და 12 საათით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 19 მარტიდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 დეკემბრის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინება ვ. ჩ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა თ. კ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებული საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის დანიშვნას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში თ. კ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი დაენიშნა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ახალი დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ თ. კ-ისათვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნა სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენი თ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი