გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-658(კ-23) 20 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 1 აპრილს შპს ,,...მ“ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა პაციენტ ი. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №04-13/4300 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 თებერვლის №10/1543 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №04-13/4300 გადაწყვეტილებით, პაციენტ ი. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,...მ“ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, არ იქნა დაკმაყოფილებული. მოსარჩელე მხარე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება პორტალზე არსებულ ინფორმაციას.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ი. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ნაწილში უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №04/13/4300 გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 თებერვლის №10/1543 გადაწყვეტილება ი. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ნაწილში უარის თქმის შესახებ და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-14, მე-15, 22-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „...ში“ პაციენტ ი. კ-ს დაუდგინდა ..., ჩაუტარდა მკურნალობა და გაეწერა კლინიკიდან, ხოლო სხვა კლინიკაში, რომელსაც მიმართა სამ საათში, დაესვა დიაგნოზი - ... . სასამართლომ განმარტა, რომ ერთ უწყვეტ ეპიზოდად ვერ ჩაითვლება სხეულის სხვადასხვა არეში მიღებული ტრავმა, იმ პირობებში, როდესაც არ არის დადგენილი, რომ პაციენტმა ეს ერთი შემთხვევის დროს მიიღო. რაიონული სასამართლოს მითითებით, თუ სააგენტო ჩათვლიდა, რომ პაციენტს არასწორი მკურნალობა ჩაუტარდა, მაშინ საქმის მასალები უნდა გადაეგზავნა რეგულირების სააგენტოსათვის, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს აღნიშნული საკითხის შესწავლა. მხოლოდ ინსპექტირების ეტაპზე კი, როდესაც ხდება მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა NIV-100/ა-სა და შემთხვევათა რეესტრთან, სადავო გარემოებები ვერ გაირკვეოდა. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,...ს” დაუსაბუთებლად ეთქვა უარი სამედიცინო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველ, მე-2, მე-3, მე-9, მე-15, 22-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია უხარისხოდ ჩატარებულმა სამედიცინო მომსახურებამ გამოიწვია. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, პაციენტი (ი. კ-ი) შპს ,,...ს“ სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისას უჩიოდა ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვას ... არეში. პაციენტის და მისი მშობლების გადმოცემით, ბავშვმა ტრავმა მიიღო მიმართვამდე დაახლოებით 1 საათით ადრე, ეზოში თამაშის დროს წაქცევის შედეგად, რის შემდეგაც აღენიშნა ძლიერი ტკივილი ... არეში, დინამიკაში ტკივილებმა იმატა, რის გამოც მშობლების მიერ მიყვანილ იქნა კლინიკაში. პაციენტს ტრავმირებული კიდური დაუფიქსირდა თაბაშირის ნახვევით და მისი მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას იყო დამაკმაყოფილებელი. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, საგულისხმოა, რომ პაციენტის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული მომსახურების პროგრამული კოდი (დიაგნოზი) არ არის შპს ,,...ს“ მიერ წარდგენილი პროგრამული კოდის იდენტური (შპს „...ში“ პაციენტს (ი. კ-ი) დაუდგინდა ..., ..., ხოლო ალტერნატიულ კლინიკაში („ე...“) დაუდგინდა ..., დაუზუსტებელი ლოკალიზაციის, ...).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ განმეორებითი მიმართვიანობის ფაქტის არსებობა უპირობოდ არ წარმოადგენს უკვე გაწეული მომსახურების არაჯეროვნად/არასრულად მიჩნევის და ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია ორივე სამედიცინო შემთხვევის ... დონის ტრავმატოლოგიური მომსახურების კომპონენტით გადაცემის თაობაზე და მიიჩნია, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ორივე დიაგნოზი გადაცემულია ... დონის ტრავმატოლოგიური მომსახურების კომპონენტით, უპირობოდ არ წარმოადგენს მკურნალობის ორივე ეპიზოდის ერთ უწყვეტ პროგრამულ შემთხვევად განხილვის საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა ის გარემოება, რომ ერთ უწყვეტ ეპიზოდად ვერ ჩაითვლება სხეულის სხვადასხვა არეში (..., ...) მიღებული ტრავმა იმ პირობებში, როდესაც არ არის დადგენილი, რომ ეს ერთი შემთხვევის დროს მიიღო პაციენტმა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ თუ სააგენტო ჩათვლიდა, რომ არასწორი მკურნალობა ჩაუტარდა პაციენტს, მაშინ საქმის მასალები უნდა გადაეგზავნა რეგულირების სააგენტოსათვის. სწორედ ამ უკანასკნელის კომპეტენციას წარმოადგენს აღნიშნული საკითხის შესწავლა და დადგენა, გაეწია თუ არა პაციენტს ჯეროვანი და სრული სამედიცინო მომსახურება. მხოლოდ ინსპექტირების ეტაპზე, როდესაც ხდება მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა და შემთხვევათა რეესტრთან, სადავო გარემოებები ვერ გაირკვეოდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო არ არის მოსარჩელის მიერ პაციენტისთვის (ი. კ-ი) ... დონის ტრავმატოლოგიური მომსახურების გაწევის ფაქტი, ხოლო პაციენტის სტაციონარიდან გაწერისას არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ასევე არ დგინდება მოსარჩელის მიერ პაციენტისთვის არაჯეროვანი/არასრული სამედიცინო დახმარებას გაწევის ფაქტი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შპს „...სთვის“ №... სამედიცინო შემთხვევის (პაციენტი ი. კ-ი) ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და მასში არასწორად არის განმარტებული სამართლებრივი ნორმები, რაც მისი გაუქმების საფუძველია. ამდენად, კასატორმა მოითხოვა სადავო განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც შპს ,,...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განჩინებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე მისი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ 2020 წლის 31 აგვისტოს მიღებული იქნა №04-13/4300 გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მათ შორის პაციენტ ი. კ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პაციენტი ი. კ-ი გადიოდა მკურნალობას შპს ,,...ში“, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში. სამედიცინო შემთხვევას (N...) ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას”, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №04-13/4300 გადაწყვეტილება, ი. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, შპს ,,...ს“ მიერ. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 თებერვლის №10/1543 გადაწყვეტილებით, შპს ,,...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, პაციენტი ი. კ-ი 11.05.2020 წლის 18:15 საათიდან 11.05.2020 წლის 19:30 საათის ჩათვლით მკურნალობდა შპს „...ში“ (...). მიმწოდებლის მიერ სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით დაფიქსირებულია შეტყობინება (N...), დიაგნოზი: … . 11.05.2020 წლის 22:23 საათზე (3 საათში) პაციენტი განმეორებით მოხვდა ალტერნატიულ კლინიკაში, დიაგნოზით: …, დაუზუსტებელი ლოკალიზაციის. ინსპექტირების ეტაპზე მკურნალობის ეს ორი ეპიზოდი ჩაითვალა როგორც ერთი უწყვეტი პროგრამული შემთხვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო შემთხვევას N... განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად, პაციენტი ი. კ-ი 2020 წლის 11 მაისს, 18:15 საათზე მოთავსებული იქნა შპს ,,...ში“ (... კლინიკა). კლინიკაში შეყვანის დროს პაციენტი უჩიოდა ტკივილს და მოძრაობის შეზღუდვას ... არეში. ანამნეზში მითითებულია, რომ პაციენტისა და მისი მშობლების გადმოცემით, ბავშვმა ტრავმა მიიღო კლინიკაში მიმართვამდე დაახლოებით 1 საათით ადრე, ეზოში თამაშის დროს წაქცევის შედეგად, რის შემდეგაც აღენიშნა ძლიერი ტკივილი ... არეში. დინამიკაში ტკივილებმა იმატა, რის გამოც მშობლების მიერ მიყვანილი იქნა კლინიკაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში პაციენტის ძირითად დაავადებად მითითებულია: … . ამავე ცნობის თანახმად, პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 2020 წლის 11 მაისს, 19:30 საათზე და გაწერისას მისი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო შემთხვევების ელექტრონული მოდულის ამონაწერით დგინდება, რომ პაციენტი ი. კ-ი 2020 წლის 11 მაისს, 22:23 საათზე მოთავსებული იქნა სს ,,ე...“, დიაგნოზით …, დაუზუსტებელი ლოკალიზაციის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №04-13/4300 გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტ ი. კ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის არსებითი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ 2020 წლის 11 მაისს, მითითებული პაციენტის ორ სხვადასხვა კლინიკაში მოთავსების ორი ეპიზოდი ჩაითვალა როგორც ერთი უწყვეტი პროგრამული შემთხვევა და არ დაექვემდებარა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამასთან, აღნიშნული პროგრამის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტი ადგენს, რომ არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. ამასთან: ა) არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის მეორე დაწესებულებაში გადაყვანისას დამდგარი მკურნალობის ეპიზოდის ან მეორე დაწესებულებაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება მოხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამავე დადგენილების შესაბამისად, ხოლო მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება; ბ) არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის იმავე დაწესებულებაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, ასევე მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს გამოკვლეული და შეფასებული იმ კლინიკების სამედიცინო ჩანაწერები, სადაც ი. კ-ი გადიოდა მკურნალობას. არ აქვს შეჯერებული ორივე კლინიკის ანამნეზები აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით და არ აქვს დასაბუთებული კონკრეტულად რომელ გარემოებებზე, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სამედიცინო მომსახურების ორი ეპიზოდი წარმოადგენდა ერთ უწყვეტ პროგრამულ შემთხვევას, რაც გახდა სწორედ მითითებული შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის არსებითი საფუძველი. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს გამოკვლეული პაციენტ ი. კ-ის რეჰოსპიტალიზაცია უხარისხოდ ჩატარებულმა სამედიცინო მომსახურებამ გამოიწვია თუ არა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ განმეორებითი მიმართვიანობის ფაქტის არსებობა უპირობოდ არ წარმოადგენს უკვე გაწეული მომსახურების არაჯეროვნად/არასრულად მიჩნევის, მკურნალობის ორი ეპიზოდის ერთ შემთხვევად ჩათვლისა და ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, პაციენტ ი. კ-ის მდგომარეობა შპს ,,...დან“ გაწერისას იყო დამაკმაყოფილებელი. მეტიც, მისთვის შპს ,,...ში“ შეყვანისას დასმული დიაგნოზი (…) და სს ,,ე...“ დასმული დიაგნოზი (…, დაუზუსტებელი ლოკალიზაციის) არ არის იდენტური, ანუ პაციენტს ორ სხვადასხვა კლინიკაში გაეწია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება.
საკასაციო სასამართლო უპირობოდ ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმის თაობაზე, რომ ერთ უწყვეტ ეპიზოდად ვერ ჩაითვლება სხეულის სხვადასხვა არეში (…, …) მიღებული ტრავმა იმ პირობებში, როდესაც არ არის დადგენილი, რომ ეს ერთი შემთხვევის დროს მიიღო პაციენტმა. საკასაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული გარემოება (… და … პაციენტმა ერთი შემთხვევისას მიიღო თუ არა) უტყუარად არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მაშინ როდესაც ამის დადგენას მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის და წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესაფასებელ საკითხს, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის №ბს-968(2კ-19) განჩინება).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №04-13/4300 გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქმნის მისი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებს.
ამასთან, რაც შეეხება ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 თებერვლის №10/1543 გადაწყვეტილებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №04-13/4300 გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, არსებობს მისი ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით კი საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ამ ნაწილში მომსახურების ანაზღაურების საკითხიც ხელახალი შესწავლის შედეგად უნდა გადაწყდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, სადავო საკითხის სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს ,,...ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება. ამასთან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 თებერვლის №10/1543 გადაწყვეტილება;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №04-13/4300 გადაწყვეტილება, ი. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ, მითითებულ ნაწილში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
6. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს ,,...ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
7. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე