დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.01.2014
საქმის ნომერი
939აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№939აგ-13 27 იანვარი, 2014 წელი

რ-ი დ, 939აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. რ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის მე–4 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ–ის 42–ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 20 ოქტომბრიდან 2008 წლის 21 ოქტომბრამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით დ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის მეორე ნაწილით (2011 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი) - 4 წლითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა დ. რ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის განჩენით დანიშნული პირობითი მჯავრი და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 11 თვე და 28 დღე, სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, სრულად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. რ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 19 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით დ. რ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე დამატებული სასჯელი - 2 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით, 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა; ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ დ. რ-ს განესაზღვრა 14 წლით, 11 თვითა და 30 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 19 ოქტომბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. რ-ა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ითხოვა მისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენსა და 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

დ. რ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვრა 1 წლით, 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის მეორე ნაწილით - 3 წლითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ. რ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით, 11 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 19 ოქტომბრიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენი და 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული დ. რ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, დ. რ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. რ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი