დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 03.01.2014
საქმის ნომერი
986აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
03.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№986აგ-13 3 იანვარი, 2014 წელი

ბ-ი ნ.- 986აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლითაც ნ. ბ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით; სსკ-ის 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 6 წლითა და 6 თვით, ხოლო სსკ-ის 273–ე მუხლით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ნ. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან – 2008 წლის 9 ნოემბრიდან.

ნ. ბ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით – ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებები.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით ნ. ბ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი – 6 თვე და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ნ. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა 14 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან – 2008 წლის 9 ნოემბრიდან.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ნ. ბ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 ივლისის განაჩენით სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული და იმავე სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით განახევრებული სასჯელის –3 თვით თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან;

ნ. ბ-ი იმავე კანონის მე–13 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 8 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;

მასვე იმავე კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 ივლისის განაჩენით სსკ–ის 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 6 წელი, 6 თვე და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 9 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის განაჩენით ნ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 3782–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნულ სასჯელს დაემატა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე იმავე სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 თვე, 13 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა 11 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 11 აპრილიდან.

მსჯავრდებულმა ნ. ბ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 17 აპრილს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილების შესაბამისად, ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. ბ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ბ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებული საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და კანონში შესული ცვლილების თანახმად, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ ნ. ბ-ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, მთლიანი შეკრების პრინციპით, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, მიზანშეუწონელია სასჯელთა შთანთქმის, ანდა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ნ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი