დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 13.01.2014
საქმის ნომერი
1005აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
13.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1005აგ-13 13 იანვარი, 2014 წელი

რ-ე დ , 1005აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. რ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 117–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, დ. რ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 117–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 11 მარტიდან.

2013 წლის 12 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. რ-მ და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშნვა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის კანონით შესულია ცვლილება, რომელიც ამსუბუქებს მის მდგომარეობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივლისის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის გამოყენების შედეგად შემცირებულ სასჯელს - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ დაემატა: სსკ–ის 117–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შედეგად შემცირებული სასჯელიდან (4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა) – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შედეგად შემცირებული სასჯელიდან (9 თვით თავისუფლების აღკვეთა) – 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ. რ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 11 მარტიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული დ. რ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში, დ. რ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. რ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი