დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.01.2014
საქმის ნომერი
1310აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1310აგ-13 27 იანვარი, 2014 წელი

კ-ა ნ, 1310აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის განაჩენით ნ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ნ. წ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 3 000 ლარი; სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (ნ. თ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 3 000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ნ. კ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 9 თვით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 6000 ლარი. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2010 წლის 12 მარტიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ნ. კ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის - 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის - შემდგომი მოხდისაგან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 7 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ნ. კ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, სსკ-ის 42.3 მუხლის დანაწესზე მითითებით, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა დამატებითი სასჯელის - ჯარიმის ნაწილში სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. კ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განაჩენში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით შეტანილი ცვლილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. კ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი