დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ ას-114-818-03 8 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე,თ. კობახიძე
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ავტომანქანისთვის ყადაღის დადება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. მ.-ე და ზ. ბ.-ი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ რეგისტრირებული ქორწინების გარეშე. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. ზ. ბ.-ი გარდაიცვალა 2002წ. 25 ნოემბერს. ნ. მ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება ზ. ბ.-ის სახელზე რიცხულ ავტომანქანებზე, რომლებიც იმყოფება გ. ბ.-თან.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 თებერვლის განჩინებით ნ. მ.-ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ზ. ბ.-ის ავტომანქანისთვის ყადაღის დადების თაობაზე, დაკმაყოფილდა. წინასწარი ყადაღა დაედო აწ გარდაცვლილი ზ. ბ.-ის სახელზე რიცხულ ავტომანქანებს: “აუდი-94” და “რენდ როვერ დისკოვერს,”. გ. ბ.-ს განემარტა, რომ მოსარჩელისათვის ვადის დაწესების მოთხოვნის თაობაზე შეუძლია სასამართლოს განცხადებით მიმართოს. სარჩელის აღძვრისთვის მოსარჩელეს განემარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული შესაძლო ზიანის პასუხისმგებლობის თაობაზე.
გ. ბ.-მ კერძო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოში და მოითხოვა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 თებერვლის განჩინების გაუქმება და ავტომანქანისათვის ყადაღის მოხსნა იმ საფუძვლით, რომ ნ. მ.-ს უფლება არ ჰქონდა, ასეთი განცხადებით მიემართა სასამართლოსათვის, რადგანაც სკ-ს 1336-ე მუხლით დადგენილ კანონით მემკვიდრეთა რიგში არ შედიან ფაქტობრივ ცოლ-ქმრული ურთიერთობაში მყოფი პირები, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 18 მარტის განჩინებით გ. ბ.-ს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა მისცა 2002წ. 5 აპრილამდე იმ საფუძვლით, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გადახდილი მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი.
იმავე პალატის 2002წ. 5 აპრილის განჩინებით გ. ბ.-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად, ვინაიდან მან დათქმულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი.
2003წ. 1 მაისს გ. ბ.-მ კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოში, სადაც განმარტა, რომ იგი იყო ავად, მწოლიარე მდგომარეობაში და დროებით იმყოფებოდა შვილთან სხვა მისამართზე, რაც განჩინების ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა. მან 2002წ. 5 აპრილის განჩინება ჩაიბარა 2003წ. აპრილის მეორე ნახევარში. მოითხოვა გაშვებული ვადის აღდგენისა და აღნიშნული განჩინების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 მაისის განჩინებით გ. ბ.-ის კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, გ. ბ.-ის კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო პალატის 2002წ. 18 მარტის განჩინებით გ. ბ.-ს მიეცა ვადა, კერძო საჩივრის შეტანისათვის გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 2002წ. 5 აპრილამდე.
საქმეში წარმოდგენილი აქტების თანახმად, სააპელაციო პალატის 2002წ. 18 მარტის განჩინების ასლი გ. ბ.-ს არ ჩაბარებია. სააპელაციო პალატის 2002წ. 5 აპრილის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული გ. ბ.-ის კერძო საჩივარი, ვინაიდან იგი მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა, სასამართლოს არ გააჩნდა სხვა ინფორმაცია გ.ბ.-ის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რის გამოც შეუძლებელი გახდა მისთვის ხარვეზის შევსების თაობაზე განჩინების ჩაბარება და მის მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა.
გ. ბ.-მ 2003წ. 1 მაისს შეიტანა კერძო საჩივარი სააპელაციო პალატის 2002წ. 5 აპრილის განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება. მისი კერძო საჩივარი ეფუძნება იმას, რომ ეს განჩინება დროულად ვერ ჩაიბარა, რადგან მწოლიარე ავადმყოფი იმყოფებოდა თავის შვილთან სხვა მისამართზე, რის გამოც 2002წ. 5 აპრილის განჩინების ასლი ჩაიბარა მხოლოდ 2003წ. აპრილში, ამიტომ მოითხოვა სსკ-ს 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გასაჩივრების გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევა და ვადის აღდგენა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გ.ბ.-ის კერძო საჩივრის ზემოხსენებულ მოტივს, რადგან სსკ-ს 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ.ბ.-მ არ აცნობა სასამართლოს თავისი ადგილსამყოფელის შეცვლის შესახებ, რითაც მან დაარღვია სსკ-ს 76-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალები არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 284-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ბ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს დაუშვებლობის გამო.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 აპრილისა და 2003წ. 30 მაისის განჩინებები.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.