დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 28.11.2005
საქმის ნომერი
ას-1322-1552-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1322-1552-05 28 ნოემბერი, 2005წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ

შემადგენლობით: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი

პალატამ ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. გ.-ს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 თებერვლის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 თებერვლის განჩინებით ი. გ.-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2005წ. 10 აგვისტოს ი. გ.-მ ქუთაისის საოლქო სასამართლოში შეიტანა განცხადება, რომელიც თავის შინაარსით კერძო საჩივარს წარმოადგენდა. გამომდინარე იქიდან, რომ განცხადებაში არ იყო მითითებული, თუ რომელ განჩინებაზე იყო იგი შეტანილი და ასევე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 7 სექტემბრის განჩინებით ი. გ.-ს ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცა 5-დღიანი ვადა.

კანონით დადგენილ წესით აღნიშნული განჩინება ი. გ.-ს გაეგზავნა განცხადებაში მითითებულ მისამართზე, რაც მას არ ჩაბარდა, რადგან იგი არ იმყოფებოდა აღნიშნულ მისამართზე. აქედან გამომდინარე, ხარვეზიც არ ყოფილა გამოსწორებული.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 31 ოქტომბრის განჩინებით, ი. გ.-ს კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ი. გ.-ს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 სექტემბრის განჩინებით, ი. გ.-ს მიეცა 5-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, რომლის ასლი გაეგზავნა 8 სექტემბერს და მის მიერ მითითებულ მისამართზე მივიდა 13 სექტემბერს. ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორი მის მიერ მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა, სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუმდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. აქედან გამომდინარე, სსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კერძო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დანიშნული 5-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2005წ. 13 სექტემბერს. ამავე კოდექსის 61-ე მუხლიდან გამომდინარე, ვადა ამოიწურა 2005წ. 19 სექტემბერს. სსკ-ის 59-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. გ.-ს კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.