დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№835აგ-13 19 თებერვალი, 2014 წელი
მ-ი ე.- 835აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განაჩენით ე. მ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), 109-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ე. მ-ს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა - ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 ივნისის განაჩენით (სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 21 ნოემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 სექტემბრის დადგენილებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის თანახმად, ე. მ-ი გათავისუფლდა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 ივნისის განაჩენით სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ე. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 21 ნოემბრიდან.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ე. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ე. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 21 ნოემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ე. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 2 ნოემბრის განაჩენი და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ე. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ ე. მ-ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის (სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) ჩადენისათვის, სსკ-ის 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტითა (ძველი რედაქცია) და 109-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
მოცემულ შემთხვევაში ე. მ-ს სასჯელი განსაზღვრული აქვს ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ე. მ-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენი ე. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი