დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№836აგ-13 20 თებერვალი, 2014 წელი
ბ-ე ვ., 836აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განაჩენით ვ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი, ასევე სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი, 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი, 260–ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ერთი წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი. ვ. ბ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 23 იანვრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ვ. ბ-ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ვ. ბ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. ბ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
მ. ოშხარელი