დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.02.2014
საქმის ნომერი
909აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.02.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №909აგ-13 14 თებერვალი, 2014 წელი ნ-ი მ., 909აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის განაჩენით მ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძველი რედაქცია) და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 ივლისის განაჩენით მ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 11 თვე, 3 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 11 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 თებერვლიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენით მ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 8 წელი, 2 თვე და საბოლოოდ მიესაჯა 11 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 29 ნოემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ნ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე გაუნახევრდა სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, ხოლო სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, 11 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 29 ნოემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის განჩინებით შეიცვალა: მ. ნ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, 11 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 თებერვლიდან.

2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა მ. ნ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. ნ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 ივლისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული მ. ნ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.

მსჯავრდებულ მ. ნ-ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენი მ. ნ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე