დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 17.02.2014
საქმის ნომერი
916აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
17.02.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№916აგ-13 17 თებერვალი, 2014 წელი

ბ-ი მ.- 916აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 მაისის განაჩენით მ. ბ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მ. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განაჩენით მ. ბ-ი, – ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მ. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 მაისის განაჩენით მ. ბ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი, შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მ. ბ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2008 წლის 24 აგვისტოდან.

ამავე განაჩენით მსჯავრი დაედო ბ. ბ-ეს.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მ. ბ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 მაისის განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელისაგან;

მასვე სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 24 აგვისტოდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, კერძოდ:

მ. ბ-ისათვის სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა: სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, მ. ბ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 24 აგვისტოდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 იანვრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ბ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2013 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ბ-ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 5 თვითა და 28 დღით ადრე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

იმის გათვალისწინებით, რომ მ. ბ-ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში მ. ბ-ს სასჯელი განესაზღვრა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მ. ბ-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენი მ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი