დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№920აგ-13 24 თებერვალი, 2014 წელი
ბ-ე ვ.- 920აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის განაჩენით ვ. ბ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი; სსკ–ის 273–ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ვ. ბ-ეს სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ვ. ბ-ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის განაჩენით (სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ბ-ეს სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 5000 ლარი.
ვ. ბ-ეს 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ვ. ბ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 19 მარტიდან.
(ვ. ბ-ე ნასამართლევია: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 აგვისტოს განაჩენით - სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის განაჩენით – სსკ-ის 3782–ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის განკარგულებით ვ. ბ-ე გათავისუფლდა 2008 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. მან 2008 წლის 6 ოქტომბერს სასჯელის მოხდის პერიოდში ჩაიდინა სსკ-ის 3782–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული ვ. ბ-ე გათავისუფლდა სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ვ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 3782–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და ვ. ბ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ვ. ბ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 19 მარტიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა ვ. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვ. ბ-ისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის განაჩენით სსკ–ის 3782–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ვ. ბ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 19 მარტიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 აგვისტოს განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულმა ვ. ბ-ემ საკასაციო საჩივრით ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში ვ. ბ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი დაენიშნა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ახალი დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენი ვ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი