დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1003აგ-13 25 თებერვალი, 2014 წელი ღ-ე კ., 1003აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ღ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის განაჩენით კ. ღ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს – 9 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან – 6 წელი და კ. ღ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 სექტემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.
ამავე განაჩენით ზ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ნ-ეს განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 6 თვე და საბოლოოდ მიესაჯა 21 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 სექტემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე კ. ღ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით, 5 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ზ. ნ-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი, ხოლო დანარჩენი მუხლებით განსაზღვრული სასჯელები – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2013 წლის 29 მაისს მსჯავრდებულმა კ. ღ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 2 წელი, 3 თვე და კ. ღ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის შედეგად შემცირებულმა სასჯელმა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა ამავე განაჩენით სსკ-ის 353–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – 4 თვე, 15 დღე და ამ განაჩენით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ზ. ნ-ეს მოხდილი აქვს 1 წელი და 6 თვე; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 2 წელი, 6 თვე, ასევე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან – 3 თვე და ზ. ნ-ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის განაჩენი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლისა და 20 თებერვლის განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული კ. ღ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განაჩენის გაუქმებას და შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.
მოცემულ შემთხვევაში, კ. ღ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ. ღ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი მისთვის სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განაჩენი კ. ღ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე