დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 18.02.2025
საქმის ნომერი
ბს-1057(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.02.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1057(კ-24) 18 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - რ.გ-ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 7 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს რ.გ-ას მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტის თანახმად, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის 15 მუხლის თანახმად კი, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, ხოლო ამავე თავის პირველი პრიმა პუნქტით თითოეული სახეობის კონტრაქტის დარღვევისთვის განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობები.

მოსარჩელის განმარტებით, რ.გ-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2022 წლის 28 სექტემბერს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი, რომლის 3.2 პუნქტით სამხედრო სამსახურის ვადად განისაზღვრა 4 წელი, 7.3 პუნქტის თანახმად, კი: ,,თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის გავლის პერიოდში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ის უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში), ჯარიმის სახით სამინისტროს აუნაზღაუროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით“.

რ.გ-ამ საქართველოს თავდაცვის ძალებში იმსახურა 8 თვე და 8 დღე. მან პირადი პატაკის საფუძველზე, ვადაზე ადრე შეწყვიტა კონტრაქტი. იგი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 23 მაისის №1788 ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ რ.გ-ასათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის 3 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე რ.გ-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის 1500 ლარის გადახდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ.გ-ას შორის გაფორმებული 2022 წლის 28 სექტემბრის კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და მისი სამართლებრივი ბუნებით ფაქტობრივად წარმოადგენს პირგასამტეხლოს. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. რ.გ-ამ დაარღვია რა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობა წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (იგივე ჯარიმა) დაკისრების წინაპირობა. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) შეუსაბამოდ მაღალია, მართებულად შეამცირა პირგასამტეხლოს თანხა და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს სწორად უთხრა უარი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ჯარიმის თანხის შემცირებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მოპასუხეზე ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავის პირველი პრიმა პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა. ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონით დადგენილ თანხას და მასზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე რ.გ-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის 1500 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს - რ.გ-ას რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ რ.გ-ასათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის 1500 ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 28 სექტემბერს რ.გ-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №2548/22 კონტრაქტი, „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 28 სექტემბრის №MOD72000004355 ბრძანებით რ.გ-ა გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის რეკრუტად, 2022 წლის 28 სექტემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 23 მაისის №MOD32300001788 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის ... რ.გ-ა 2023 წლის 5 ივნისიდან განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო 2023 წლის 4 აპრილის პირადი პატაკი. რ.გ-ას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენს 8 თვესა და 8 დღეს.

ამდენად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ რ.გ-ა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 23 მაისის №MOD32300001788 ბრძანებით ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით (კონტრაქტის პირობების დარღვევა), რაც კრედიტორს ანიჭებს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) მოთხოვნის უფლებას.

საკასაციო პალატის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ.გ-ას შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და მისი სამართლებრივი ბუნებით ფაქტობრივად წარმოადგენს პირგასამტეხლოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. განსახილველ შემთხვევაში, რ.გ-ას მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევამ (კონტრაქტის შეწყვეტა) წარმოშვა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობით დაკისრების გამო, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს თანხის განსაზღვრის მიზნით სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გავრცელების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს კანონისმიერ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და შესაბამისად მისი შემცირების დაუშვებლობის შესახებ, რადგანაც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - 21.09.2023, №3500) მე-2 მუხლის 14 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს შეფასებას, რომ ზემოაღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა მიიჩნევა სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიების სახით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს და, ფაქტობრივად, კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს (სუსგ №ბს-175-173(კ-12), 11.07.2012წ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი/გონივრული და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ მოპასუხისათვის 1500 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება არის სამართლიანი და ნამსახურობის ვადის ადეკვატური.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე